ფრანგულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Prodware-მა, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ოპერირებს, წარმატებით განახორციელა Microsoft Dynamics 365 Business Central-ის დანერგვის პროექტი თიბისი ბანკში, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანური კაპიტალისა და სახელფასო პროცესების მართვის ოპტიმიზაციას.
პროექტის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა ადამიანური კაპიტალის პროცესებისა და სახელფასო მოდულის დანერგვა, კერძოდ თანამშრომელთა მონაცემებისა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა, შრომითი ხელშეკრულებების მართვა, ხელფასებისა და გადასახადების გამოთვლა და საბანკო გადარიცხვების ავტომატიზაცია.
დანერგვის პროცესი მოკლე დროში, 8 თვეში განხორციელდა, რასაც ხელი შეუწყო პროექტის მართვის ეჯაილ მიდგომამ და თიბისის ტექნოლოგიებისა და ადამიანური კაპიტალის გუნდების აქტიურმა ჩართულობამ. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სისტემის სრული ადაპტაცია ბანკის შიდა პროცესებსა და საქართველოს ბაზრის სპეციფიკასთან, ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ახალი სისტემა ბანკს საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს 8,500-ზე მეტი თანამშრომლის მონაცემები და მათთან დაკავშირებული პროცესები.
„კმაყოფილები ვართ Prodware-ის მიერ Microsoft Business Central-ის წარმატებული დანერგვით. ძალიან ვაფასებთ მათ გულმოდგინებასა და პროფესიონალიზმს რომელიც ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში გამოავლინეს.” - ინფორმაციის მართვის დირექტორი (CIO), ბიძინა მაცაბერიძე
მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა Microsoft Dynamics 365 Business Central-ის ინტეგრაცია თიბისი ბანკის არსებულ სისტემებთან. ახალი პროგრამა დაკავშირდა ბანკის 15 შიდა სისტემასთან, მათ შორის, ფინანსურ, საბანკო და ოპერაციულ პლატფორმებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინტეგრაცია თანამშრომლების თვითმომსახურების პორტალთან, რომელსაც ბანკის თანამშრომლები ყოველდღიურად იყენებენ.
Microsoft Dynamics Business Central-ი ბანკის HR ოპერაციებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს საშუალება აძლევს ეფექტურად მართონ ეჯაილ ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურა, ოპერაციების დადასტურების ჯაჭვი, აღრიცხონ სარეზერვო თანამშრომლები, ჰქონდეთ ანაზღაურების დეტალური ხედვა ხარჯის ცენტრებისა და ბუღალტრული ანგარიშების გათვალისწინებით. ასევე, შესაძლებელი გახდა გატარებული ოპერაციების კორექტირება და გაუქმება, ისტორიული მონაცემების კონტროლი და შესაბამისი შეტყობინებების ავტომატური გაგზავნა ადრესატებთან.
დღეს თიბისი ბანკი წარმატებით იყენებს Dynamics 365 Business Central-ს ადამიანური კაპიტალისა და სახელფასო პროცესების სამართავად, რაც წარმოადგენს წარმატებული IT პროექტის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს ქართულ საბანკო სექტორში.













