საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაზე საქართველოს ეკონომიკურ პროგრესსა და ინფრასტრუქტურის განვითარების დღის წესრიგზე ისაუბრა.

ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 9.3%-ზე მეტით გაიზარდა, ამასთან, ქვეყანამ ფისკალური პარამეტრები უსაფრთხო დონეზე შეინარჩუნა, ხოლო კაპიტალური ხარჯები მაღალ ნიშნულზე დარჩა.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ძირითადი ნაწილის მშენებლობის დასრულებაზე, ასევე საგზაო, სარკინიგზო, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე.

„წლევანდელი დიალოგის თემა „ხვალინდელი დღის ინფრასტრუქტურა: ზეგავლენა და ინოვაცია“ კარგად ასახავს საერთო შეხედულებას, რომ ინფრასტრუქტურა აღარ იზომება მხოლოდ ჩვენ მიერ აშენებული გზებით, ხიდებითა თუ ენერგოსისტემებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, არსებული საჭიროებების ფონზე მნიშვნელოვანია ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც რეგიონებს დააკავშირებს და ღირებულებათა ჯაჭვების შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ხუციშვილმა ასევე ისაუბრა AIIB-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ბანკის როლის გააქტიურებაზე.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კატარის მთავრობასა და AIIB-ის გუნდს ფორუმის ორგანიზებისთვის და ბანკის ახალ პრეზიდენტს ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარებისთვის.