PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიმზიდველი ქონება გამოაქვს საინვესტიციოდ სახელმწიფოს.
მისი თქმით, შეიძლება ამ ნაწილში იყოს ხარვეზები და აუქციონზე ისეთი ქონება ვერ ხვდებოდეს, რომლებზეც რეალურად მაღალი მოთხოვნაა. ხიშტოვანის თქმით, პრივატიზების პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასების ერთადერთი ინდიკატორი გეგმის შესრულების პროცენტულობა არ უნდა იყოს და მისი უფრო დეტალური გააზრება უნდა ხდებოდეს.
“არ უნდა გავექცეთ კითხვას - ხომ არ ამბობს სახელმწიფო ისეთი ქონების გაყიდვაზე უარს, რომელზეც შეიძლება იყოს მაღალი მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან და ხომ არ ასხვისებს მხოლოდ ისეთს, რომელზეც თავიდანვე ვიცით, რომ მოთხოვნა არ არის. შესაბამისად, ეს ხომ არ არის მიზეზი პრივატიზაციის დაბალი მაჩვენებლების პრივატიზაციის კუთხით?
აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ცოტა მიდგომა არის გადასახედი და მხოლოდ მინიმალისტური გეგმების დასახვა და შემდეგ ამ გეგმების რაღაც პროცენტულ ჭრილში შესრულება თუ არ შესრულება არ უნდა იყოს პოლიტიკის შეფასების ერთადერთი ინსტრუმენტი. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი და შესაბამისად, ძალიან საინტერესო იქნება უფრო დეტალური შესწავლა მოხდეს საკითხის. უნდა შევისწავლოთ თუ რატომ არ იყიდება ქონება, რატომ არ იყიდება, ან თუ უნდა გაიყიდოს რა ქონებაზე იქნება მოთხოვნა”, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019-23 წლებში სახელმწიფო პრივატიზების პროგრამით "100 ქონება ბიზნესს", პრივატიზების შედეგად ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზება მოხდა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ პრივატიზების ტემპი მეტად ვერ დაჩქარდება, რადგან ის სრულად მორგებულია კერძო სექტორის შესაძლებლობებს.