საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 67.52 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 760.04 მილიონი ლარით, ანუ 1.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.32% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 561.08 მლნ ლარით, ანუ 1.46%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 198.96 მლნ ლარით, ანუ 0.70%-ით გაიზარდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.70 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 0.58%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით – 19.14 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.89%-ით აღემატება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.59%-ით, ანუ 549.96 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 35.14 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის სექტემბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.77% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით.