ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წელს მასწავლებელთა ხელფასის გაზრდა გათვალისწინებული იმ მიზეზით არ არის, რომ წინა წელს დაახლოებით 500 ლარით გაიზარდა მათი ხელფასი და პოლიტიკა თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ყოველწლიურად ზრდის ნაცვლად ერთიანად გაეზრდებოდათ.
კაკაურიძის განმარტებით, 2026 წელს გათვალისწინებულია იმ ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა, რომლებსაც იმავე მოცულობით არ გაზრდიათ 2024 და 2025 წელს.
„2024 წელს მასწავლებელთა ანაზღაურების სქემაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა - გადავიდა საათობრივ ანაზღაურებაზე და ამავდროულად, საშუალოდ 500-ლარით გაიზარდა. ეს თავიდანვე გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ ყოველწლიურად ზრდის ნაცვლად მიზანშეწონილი იყო ერთიანად გაზრდილიყო ხელფასები. ეს გასულ წელს განხორციელდა, შესაბამისად, მომდევნო წელს არ არის გათვალისწინებული მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.
თუმცა გათვალისწინებულია იმ ადამიანების, რომლებსაც იმავე მოცულობით არ გაზრდიათ 2024 და 2025 წელს [ხელფასი]. მომდევნო წელს სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები იზრდება 20%-ით, ასევე ექთნების ანაზღაურება, რომლებიც სკოლაში არიან დასაქმებული”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.













