საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.

„პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ ითამაშა, რითაც 2022 წლის ბოლომდე მთავრობის ვალი პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირდა, ფისკალურმა დეფიციტმა დაიკლო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეივსო.

ეს თავის მხრივ, აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.

როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად ეკონომიკური მმართველობის მაღალ ხარისხსა და სტაბილურ, სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას მიიჩნევს.

სუსტ მხარეებად კვლავ რჩება საგარეო მოწყვლადობები, თუმცა, ეს რისკები წლიდან წლამდე მცირდება, რაც რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა იყო.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი ნარჩუნდება, რაც მომავალშიც საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას დაეხმარება. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო შეფასებებზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ი ელის რეიტინგის გაუმჯობესებას, რითაც ქვეყანას უკვე ერთი ნაბიჯი დარჩება საინვესტიციო რეიტინგამდე”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.