გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდული“ ინფრასტრუქტურას, წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მზა პროდუქციას ადგილზე გაეცნო.
„საწარმოების მონახულება გვაძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ მოვისმინოთ ბიზნესის საჭიროებები, შევაფასოთ არსებული გამოწვევები და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად მოვარგოთ რეალურ მოთხოვნებს. ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია არის ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველი”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ქართული ნუგბარის საწარმოს „გორდული“ წლიური წარმადობა 100 ტონას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი - 50.
საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2015, 2017-2019 და 2021-2025 წლებში, შერეული გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების მოწყობის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა.
მინისტრთან ერთად საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.













