"მას შეუძლია უძილობის გამოწვევა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და წნევის მომატება, ასევე იწვევს სიმსუქნეს"
ენერგეტიკული სასმელი ადამიანის, განსაკუთრებით კი, მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ენერგეტიკული სასმელით მოწამვლის უამრავი შემთხვევა ფიქსირდება. არის ასევე გარდაცვალების ფაქტიც, რომელიც აშშ-ში დაფიქსირდა. ამ დროს ქართულ ბაზარზე ენერგეტიკული სასმელების ბუმია და არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობს ამ საშიში პროდუქციის რეალიზაციისას, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რიგ ქვეყნებს ენერგეტიკული სასმლის აკრძალვის მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვთ.
ამერიკაში ენერგეტიკულ სასმელმა 21 წლის ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე შეიწირა. "პანერას" ფირმის ენერგეტიკული ლიმონათის მიღების შემდეგ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან ენერგეტიკულ სასმელში არსებულმა კოფეინის მაღალმა დონემ გულისცემისა და არტერიული წნევის მატება გამოიწვია, რაც ლეტალური შედეგით დასრულდა ისედაც გულის პრობლემები მქონე 21 წლის სტუდენტისთვის.
ენერგიის სწრაფი მატებისთვის შექმნილი სითხეების ეტიკეტზე ნახავთ შემადგენლობას: კოფეინს, შაქარს, "ბ" ვიტამინსა და ამინომჟავებს, რაც ზრდასრულებში ჯანმრთელობის დამატებით რისკებს ქმნის. თუმცა ბოლო წლებში მატონიზირებელი სითხეების ხშირი მომხმარებლები ბავშვებიც გახდნენ.
ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, აკადემიკოს რამაზ გახოკიძის შეფასებით, ენერგეტიკული სასმელი, მაგალითად, „რედ ბული” კოფეინთან, ტაურინთან და ვიტამინურ კომპონენტებთან ერთად შეიცავს გლუკურონლაქტონს, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყენებული იყო ვიეტნამში განლაგებული ჯარის მორალური და საბრძოლო სულისკვეთების სტიმულაციისთვის, რადგან იგი მოქმედებდა როგორც ჰალუცინოგენი და დამამშვიდებელი სტრესულ პირობებში. თუმცა, მისი ეფექტი ორგანიზმისთვის იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერების გამოყენება აკრძალეს, რადგან ჯარისკაცებში, რომლებიც მას იყენებდნენ, გაიზარდა თავის ტკივილის, თავის ტვინის და ღვიძლის კიბოს შემთხვევები.
,,ენერგეტიკული სასმელი ასევე შეიცავს სისხლის გამათხელებელ კომპონენტებს. მისი მავნებლობა ბევრად იზრდება ალკოჰოლთან ერთად მიღებით. საფრანგეთში მოსახლეობას აფრთხილებენ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს, განსაკუთრებით, ფეხმძიმე ქალებს და ბავშვებს, ამ სასმლის უზომოდ გამოყენებამ.
მხოლოდ ბრიტანეთში ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი კვდება "ფასტ-ფუდის" და სხვა მაწყინარი საკვების მოხმარების შედეგად. როგორც დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის და სამედიცინო დახმარების ხარისხის ნაციონალური ინსტიტუტი აღნიშნავს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. საკვებით უბრალოდ, ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს. ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად 3 კილოგრამ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას - პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოსა და სუნის გამაძლიერებლებს იღებს ", - განაცხადა აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ.
მისი ინფორმაციით, სასმელებს ხშირად უმატებენ ისეთ კონსერვანტებს, როგორიცაა სორბინის მჟავა და სორბატები (E200, E202-203), ასევე ბენზოის მჟავას და ბენზოატებს (E201-213). სორბინისა და ბენზოის მჟავებს ბუნებრივი სახით შეიცავს ზოგიერთი კენკროვანი მცენარე.
რამაზ გახოკიძის განმარტებით, ნაკლებად საზიანოა ბუნებრივი წარმოშობის კონსერვანტები: ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი, შაქარი (ყურძნის, ჭარხლის), ორგანული მჟავები (ძმარმჟავა, ჭიანჭველმჟავა, სორბინის, ბენზოის, სილიცილის მჟავები). ჰიგიენური და დიეტური თვალსაზრისით ყველაზე ძვირფასია ყურძნის მიკრობიოლოგიური გზით გადამუშავების პროდუქტები, რომელთაც სუსტი მაკონსერვებელი მოქმედება ახასიათებს.
,,ენერგეტიკული სასმელები შეიცავს საკმაო რაოდენობის ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლია ოფლიანობის, უძილობის გამოწვევა, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და წნევის მომატება, ასევე იწვევს სიმსუქნეს. ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი მთავარი სტიმულატორია კოფეინი, რომლის დღიური ნორმაა 150 მილიგრამი. ენერგეტიკული სასმლის 1 ქილა კი შეიცავს 150-დან 320 მილიგრამამდე კოფეინს. დღეში 1-2-ზე მეტი ქილის გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება. გარდა ამისა, ის ორგანიზმს ენერგიას არ აწვდის და აიძულებს საკუთარი ენერგიის ხარჯვას.
ენერგეტიკული სასმელები თავდაპირველად ამაღლებენ ტონუსს, ბუნებრივ და ფიზიკურ აქტიურობას, შემდეგ კი იწყება გამოფიტვა, ადამიანი გრძნობს უხალისობას, აპატიას, არტერიული წნევა კი შეიძლება მკვეთრად დაეცეს.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელების უმრავლესობა არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სხვა საკვებდანამატებს და გამდიდრებულია მცენარეული ექსტრაქტებით და ვიტამინებით, მაინც მიზანშეწონილი არ არის მიიღონ მათ, ვისაც აწუხებთ ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და თირკმელების, შაქრიანი დიაბეტის დაავადებები", - აღნიშნა რამაზ გახოკიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
სპეციალისტების აზრით, ენერგეტიკული სასმელი განსაკუთრებით მოზარდებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, ისინი ვინც მისი აქტიური მომხმარებლები არიან. აქედან გამომდინარე, კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს სურსათის სფეროს სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია. მისი აზრით, აუცილებელია ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია შეიზღუდოს და სანაცვლოდ ჯანმრთელი კვების პროპაგანდა გაძლიერდეს.
,,ენერგეტიკული სასმელი არ არის ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული და საშიშია. როდესაც ადამიანი ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია და ამ დროს იღებს ენერგეტიკულ სასმელს, გულისცემა უძლიერდება და ზედმეტად აქტიურდება, რასაც ყველა ორგანიზმი ვერ იტანს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი გულის რიტმის მუშაობაში და ნეგატიური განვითარება მოჰყვეს. ის სახიფათო სასმელია, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით მოზარდებისთვის, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივად უნდა საუბრობდეს.
ენერგეტიკულ სასმელებს ძირითადად ახალგაზრდები ეტანებიან. ადრეც იყო გარდაცვალების ფაქტი, ამიტომ რეალურად უნდა იცოდეს მომხმარებელმა, მის მიღებას რა ხიფათი შეიძლება მოჰყვეს. ინფორმაციული კუთხით დროულად არის ზომები მისაღები. საჭიროა, რეგულაციაზეც ვიზრუნოთ, ვიცოდეთ, რა შემოდის, რა იყიდება და კონტროლდებოდეს ლაბორატორიებში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კატეგორიულად ავკრძალავდი, მით უმეტეს, როცა სასმლის მავნებლობა დადასტურებულია", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ლია კვარაცხელიამ.
საქართველოში ენერგეტიკული სასმელების აღრიცხვა საერთოდ არ იწარმოება. "საქსტატი" ამ პროდუქციის იმპორტს მინერალურ და გაზიან სასმელებთან ერთად აღნუსხავს, რომელიც შაქარს ან სხვა დამატკბობელს შეიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ენერგეტიკული სასმელები მომხმარებლებისთვის გლობალური მასშტაბის საფრთხეს წარმოადგენს, რაც განსაკუთრებით მოზარდებს ეხება.
წყარო: resonancedaily.com