გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
ატმის მოსავლის აღების სეზონი დასასრულს უახლოვდება. ფერმერებისა და სამაცივრე მეურნეობების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ატმის მოსავლის კრეფა უკვე დასასრულს უახლოვდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. რამდენიმე დღე შეფერხება იყო ექსპორტის მიმართულებით, თუმცა კოორდინირებული მუშაობით ყველა გამოწვევა გადაიჭრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არცერთ ფერმერს არ დარჩება მოსავალი დაუბინავებელი. ეს ეხება არა მხოლოდ ატამს, არამედ სხვა კულტურებსაც. სამინისტროს მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაქსიმალურად დავუდგეთ ფერმერს გვერდით, რათა მოსავალი დაბინავების გარეშე არ დარჩეს“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრი სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივი ფერმერის, ვალერი ტურაშვილის მეურნეობის მუშაობას გაეცნო. ტურაშვილების ოჯახი მეხილეობით წლებია არის დაკავებული და დღეს დაახლოებით 40 ჰექტარზე ატმის, ვაშლატამას და სხვა ხეხილის ბაღებს ამუშავებს. მოსავლის შენახვისა და რეალიზაციის მიზნით, ოჯახმა 2018 წელს სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მხარდაჭერით სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. ფერმერის თქმით, მიმდინარე სეზონზე ატმის მოსავლის დაახლოებით 95% უკვე დაბინავებულია.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში სამაცივრე მეურნეობების როლსა და სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ატმის მოსავლის დაბინავება დასასრულს უახლოვდება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამაცივრე მეურნეობების ეფექტიანმა მუშაობამ, რომელთა ნახევარზე მეტი სახელმწიფო პროგრამებით არის დაფინანსებული. სწორედ ეს შესაძლებლობები დაეხმარა ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებასა და რეალიზებაში. სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება აქტიურად გრძელდება და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული შედეგზე და დარგში მოღვაწე ფერმერების საჭიროებებზე“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
2026 წლის 1 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 20.5 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, 25.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი 1.24 აშშ დოლარია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება.













