საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, - ამის შესახებ შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანმა ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ჭაო იდე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის 70%-იან ზრდასა და ექსპორტ-იმპორტის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობს.

ჩინური მხარის განცხადებით, უკვე ფუნქციონირებს 6 საერთაშორისო სატვირთო ავიამარშრუტი, ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის გამოყენებით კი საქართველოში ჩინური ტექნიკისა და ავტომობილების ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო შაანსის ბაზარზე ქართული ღვინო და მინერალური წყლები უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.

„საქართველო არის ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გასული 34 წლის განმავლობაში ორივე მხარე ყოველთვის იცავდა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების პრინციპებს და მუდამ მიჰყვებოდა ურთიერთსარგებლის გზას. განსაკუთრებით გასულ წელს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა გაცვალეს მისალოცი წერილები, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი მიმართულება განსაზღვრა.

გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 248 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 70%-იანი ზრდაა. ამჟამად ჩვენს ორ მხარეს შორის უკვე ფუნქციონირებს ექვსი საერთაშორისო სატვირთო ავიამარშრუტი. ვაჭრობის მიმართულებით გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკისა და მექანიკური პროდუქციის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე“, - განაცხადა ჭაო იდემ.