საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აეროპორტებიდან გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8 მილიონი მგზავრი (3.3%-ით მეტი).

„2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.6 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 7.3 ათასი შეადგინა, რაც 20.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 10.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.1 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.9 პროცენტი - გაგზავნილი. 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2026 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 190.7 ათასი მგზავრი და გადატანილია 30.5 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 57.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.