პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან გაფორმდება და ალტერნატივები არ განიხილება.

„მცირე დეტალები დარჩა დასაზუსტებელი, რაც არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ისედაც გვქონდა რამდენიმეთვიანი ვადა პროგნოზირებული ამ შეთანხმების დასაზუსტებლად. ეს არის ტექნიკური სამუშაო პროცესი. რამდენიმე მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი, როგორც კი დაზუსტდება, მაშინვე ხელი მოეწერება.

არავითარი ალტერნატივა არ განიხილება, არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიასთან დაკავშირებით წელს", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულად შესაძლოა არც დასახელებულიყო. საქართველოს მთავრობამ კონსორციუმი კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.