არანაირი საფუძველი არანაირი არაბული ქალაქის და დასახლების აშენების არ არსებობს, ეს ნაწილი არსად არ არის ჩადებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა Eagle Hills-ის 6,5 მლრდ-იან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შეფასებისას.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ პროექტის 60% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისდება. აბაშიშვილის განცხადებით. სპეკულაციაა გასაყიდ ფასზე საუბარიც.

„გამორიცხულია, ტყუილია, რომ 60% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იყიდება. მეორე - არანაირი კონკრეტული ფასი ჯერ არ არსებობს, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ ან ვერ გადაიხადონ, ამას ბაზარი არეგულირებს. ფულის თვლა ხომ მაინც იციან. არ შეიძლება კვადრატულობა პირდაპირ 6,5 მილიარდზე გაყო, იქ არის ლაპარაკი რეკრეაციულ ზონაზე, იახტ კლუბის გაკეთებაზე, კომერციულ ფართებზე. ფასზე ლაპარაკი სპეკულაციაა”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებლის თქმით, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ პროექტისთვის განკუთვნილი მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა.

„მკვდარი აქტივის ღირებულება არავინ იცის, რა არის. აქტივი მაშინ ცოცხლდება და ფასი მაშინ ენიჭება, როცა შედის ბიზნესში, მესმის „ცეხავიკებისთვის” ეს რთული გასაგებია. სახელმწიფო შევიდა 33%-ში, ისე რომ მიწა დაიტოვა, უნდა გავიაზროთ, რომ მიწის მესაკუთრე სახელმწიფოა”, - აღნიშნა აბაშიშვილმა.