შვეიცარიული ბანკი UBS, Credit Suisse-ს 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად (3,25 მილიარდ დოლარად) ყიდულობს, იტყობინება MarketWatch-ი.
გარიგების შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ალენ ბერსეტმა ორივე ბანკის ხელმძღვანელებთან და შვეიცარიის ეროვნული ბანკის (SNB, ქვეყნის ცენტრალური ბანკის) ხელმძღვანელთან ერთად გამოაცხადა.
„UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვის საშუალებით მოიძებნა გამოსავალი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და შვეიცარიის ეკონომიკის დასაცავად ამ გამონაკლის სიტუაციაში“, - ნათქვამია SNB-ის განცხადებაში.
UBS Credit Suisse-ს თითო აქციაზე 0,76 ფრანკს გადაიხდის. ტრანზაქცია, რომელიც არ საჭიროებს აქციონერთა თანხმობას, სრულად გადაიხდება ნაღდი ანგარიშსწორებით.
პარასკევს ვაჭრობის დახურვისას Credit Suisse-ის აქციები 1,86 ფრანკი ღირდა. Financial Times-ის ცნობით, თავდაპირველად UBS-მა ყოფილი კონკურენტის აქციაზე მხოლოდ 0,25 ფრანკი შესთავაზა.
"ჩვენ მივესალმებით შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებებს ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად", - განაცხადეს აშშ-ს სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა და ფედერალური სარეზერვო ფონდის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა.
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ შვეიცარიის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები „დამხმარეა ბაზრის მოსაწესრიგებული პირობების აღდგენისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ევროზონის საბანკო სექტორი მდგრადია ძლიერი კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიციების წყალობით“.
საუდის არაბეთის ეროვნული ბანკი, კატარის საინვესტიციო ჯგუფი და ნორვეგიის ნავთობის ფონდი Credit Suisse-ის აქციონერებს შორის არიან, რომლებმაც შესაძლოა ყველაზე სერიოზული ზარალი განიცადონ ბანკის აქციების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაყიდვის გამო, წერს MarketWatch.
კატარის საინვესტიციო ჯგუფი ფლობს Credit Suisse-ის 6.8%-ს. საუდის არაბეთის ეროვნულმა ბანკმა შვეიცარიის ბანკის 9,9% სულ რაღაც ექვსი თვის წინ 1,5 მილიარდ დოლარად იყიდა, ახლა ეს პაკეტი სულ რაღაც 215 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
სანდრო პირველი