ორი ქვეყანა, რომელსაც სურს დაუპირისპირდეს დასავლეთის სანქციებს - რუსეთი და ირანი, სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებენ მოსკოვიდან მუმბაიმდე შემოვლით სარკინიგზო მარშრუტში. მაგრამ განვითარებადი კრიზისი კავკასიის რეგიონში, სწორედ ამ მარშრუტის „გულს“ ემუქრება ამ გეგმების შეწყვეტას.

ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული ჟურნალი Newsweek წერს.

რომში დაფუძნებული გეოპოლიტიკური ანალიტიკური პლატფორმის Special Eurasia-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სილვია ბოლტუკმა გამოცემას განუცხადა, რომ თუ ლაჩინის გზაზე არსებული ვითარება გამოიწვევს ახალ სამხედრო შეტაკებებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ეს შეიძლება სერიოზულად დაემუქროს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს, ​​თუ როგორ უსვამს ხაზს თეირანი რეგიონის სტაბილიზაციის აუცილებლობას ვაჭრობის გაფართოების საკითხის გადასაჭრელად

მაგალითად, ავღანეთი იყო ირანის ჩაბაჰარის პორტის პროექტის ნაწილი, რომელიც ინდოეთის ბაზრებს რუსეთთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებდა. მაგრამ სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე, ქვეყანა თალიბებმა აიღეს და აღარ არიან სანდო პარტნიორები“, - თქვა ბოლტუკმა.

ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი კრიზისის შედეგად ირანმა შეიძლება რუსეთზე მეტი ზიანი მიიღოს. მისი თქმით, დღევანდელმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და უკრაინაში ომმა, შეასუსტა მოსკოვის შესაძლებლობა ჩაერიოს რეგიონის საქმეებში, სადაც ის ტრადიციულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

ოლეგ იგნატოვმა, ბრიუსელში მოქმედი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის მთავარმა ანალიტიკოსმა, Newsweek-ს განუცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ რუსეთი ახლა ძალიან რთულ სიტუაციაშია და უკმაყოფილოა როგორც ბაქოს, ისე ერევნის ქმედებებით.

იგნატოვის თქმით, როდესაც რუსეთმა თავისი სამშვიდობოები ყარაბაღში განათავსა, ისინი ელოდნენ, რომ მათი ყოფნა 2025 წლამდე არ შემოიფარგლებოდა. მაგრამ აზერბაიჯანს სხვა გეგმები აქვს - ბაქოს მიაჩნია, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს თავისი ყოფნა რეგიონში კონფლიქტის სამართავად.

„სომხეთი სულ უფრო და უფრო თვლის, რომ მოსკოვი არ შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტი, მაშინ როცა აზერბაიჯანი რუსეთს ხედავს, როგორც დაბრკოლებას კონფლიქტის სწრაფად დასრულებაში საკუთარი პირობებით“, აღნიშნავს იგნატოვი.

სომეხი ანალიტიკოსი ბენიამინ პოღოსიანი ამბობს, რომ თუ არსებული დაძაბულობა შეტაკებამდე მიგვიყვანს და აზერბაიჯანი ძალას გამოიყენებს „ზანგეზურის დერეფნის“ გასახსნელად, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის პროექტის განხორციელება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს.

კავკასიის, ცენტრალური აზიისა და რეგიონული კვლევების ირანელი ექსპერტი, ვალი კალეჯი მიიჩნევს, რომ ირანს არ სურს „ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელება, რადგან შესაძლოა დაკარგოს კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტი.

ამ მიზეზით, ის აღნიშნავს, რომ თეირანს შეუძლია შეუერთდეს პოტენციურ ომს ზანგეზურის დერეფნის გამო.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო კავშირი ირანის ქალაქ რაშტსა და ასტარას შორის ჯერ არ არის დამყარებული, ირანელი ოფიციალური პირები არაერთხელ გამოვიდნენ მშენებლობის დასრულების დაპირებით.

უკვე ამ თვეში მოსკოვი და თეირანი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ინვესტიციების ჩადებაზე დაკარგული რგოლის მშენებლობის დასაჩქარებლად.

„რუსეთი დიდ ყურადღებას უთმობს ამ დერეფანს, რათა გააფართოოს ტრანზიტი დასავლური სანქციების ფონზე. ამასთან დაკავშირებით მოსკოვმა გამოაცხადა მზადყოფნა განახორციელოს ინვესტიცია და ააშენოს რაშტ-ასტარას რკინიგზის 164-კილომეტრიანი მონაკვეთი, ერთადერთი დაუმთავრებელი სარკინიგზო მონაკვეთი ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთის დერეფანში“, - დასძინა კალეჯიმ.

გიორგი არაბული