Alibaba-ს ჰოლდინგმა ჩინეთის მთავრობასა და კომპანიის დამფუძნებელ ჯეკ მას შორის დაპირისპირების გამო 850 მილიარდი დოლარი დაკარგა.

შემცირებულია თავად ჯეკ მას ქონებაც. Forbes-ის შეფასებით, 2020 წელს ჯეკ მას აქტივების ღირებულება 60 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, თუმცა ამჟამად მისი ქონება 25 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.

ჯეკ მას პრობლემები 2020 წლის 24 ოქტომბრის მერე შეექმნა, როდესაც ბუნდის ეკონომიკურ სამიტზე შეკრებილი ელიტის წინაშე საჯაროდ განაცხადა, რომ ის უკმაყოფილო იყო კომუნისტური მთავრობის საქმიანობით. 20 წუთის განმავლობაში ჯეკ მამ ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემატური საკითხი დაასახელა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ორგანოები მოძველებული მეთოდებით მუშაობდნენ, მათი საქმიანობა კი პირდაპირ ზღუდავდა ინოვაციასა და ბიზნესის განვითარებას.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო ჯეკ მას პოლიტიკური დევნა და მისი ბიზნესების შევიწროება. დაპირისპირების შედეგად ჯეკ მა თითქმის სრულად ჩამოშორდა ბიზნესსაქმიანობას. უფრო მეტიც, ორი წლის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელიც კი უცნობი იყო.

ახლა უკვე ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მეწარმე საჯარო ცხოვრებას უბრუნდება. 58 წლის ჯეკ მა ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.