პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი უკრაინულ აგროიმპორტთან დაკავშირებით, პოლონეთი არ დაუშვებს ქვეყანა „უკრაინულმა მარცვლეულმა წალეკოს“.

„პოლონეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინულმა მარცვლეულმა წაგვლეკოს. რაც არ უნდა იყოს ბრიუსელის ოფიციალური პირების გადაწყვეტილება, ჩვენ საზღვრებს არ გავხსნით“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, როდესაც მეზობელ ქვეყანას დახმარება სჭირდებოდა პოლონელებმა მათ „საკუთარი გულები და სახლები გაუღეს", მაგრამ როდესაც საქმე ეხება პოლონეთის ინტერესებისთვის ბრძოლას, მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ პოლონელი ფერმერების ინტერესები იქნება დაცული.

„ჩვენ ვეუბნებით „არას“ პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის შეფერხებას და მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის ზიანის მიყენებას. სწორედ ჩვენმა მკაცრმა პოზიციამ შეაჩერა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი ევროკავშირის საერთო ბაზარზე", - აღნიშნა მორავეცკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, პოლონეთის მთავრობა გეგმავს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა15 სექტემბრის შემდეგაც გააგრძელოს. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აკრძალვის ცალმხრივი გაგრძელება დაარღვევს საერთო ბაზრის წესებს და უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას.