აშშ-ის სასამართლომ Johnson & Johnson-ს (J&J) 966 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაავალა 88 წლის კალიფორნიელი პენსიონერის ოჯახისთვის, რომელიც ტალკის შემცველი ბავშვის პუდრის გამოყენების შემდეგ გარდაიცვალა.

ამის შესახებ The New York Times (NYT) იტყობინება.

„სასამართლომ Johnson & Johnson-ს 966 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა იმ ქალის ოჯახისთვის, რომელიც 2021 წელს იშვიათი ფორმის კიბოსგან გარდაიცვალა. მეი მურის ნათესავები აცხადებენ, რომ მას მეზოთელიომა განუვითარდა J&J-ის ტალკის შემცველი ბავშვის პუდრის გამოყენების შემდეგ, რომელიც აზბესტს შეიცავდა“, - ნათქვამია სტატიაში.

კომპანიამ 16 მილიონი დოლარის კომპენსაციის სახით და 950 მილიონი დოლარის სადამსჯელო ზიანის სახით უნდა გადაიხადოს. თუმცა, Johnson & Johnson-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ჰაასმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უთანხმოება გამოთქვა და განაცხადა, რომ აპირებს მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას.

კომპანიის წარმომადგენლები უარყოფენ აზბესტის არსებობას მათ ბავშვის პუდრში. ამ მტკიცებების მიუხედავად, Johnson & Johnson-მა შეწყვიტა ტალკის შემცველი პროდუქტების გაყიდვები, რადგან მეი მურის საქმე პირველი ასეთი ინციდენტი არ არის.