იაპონური იურიდიული ფირმა ბოლოა, რომელიც შვეიცარიის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის, რომელიც კომპანია „იუ-ბი-ეს“-ის (UBS) მიერ „კრედიტ სვისის“ აბსორბაციის ფარგლებში, ამ უკანასკნელის ობლიგაციების (AT1) ღირებულების ჩამოწერას ითვალისწინებს.

გაზეთი „NZZ am Sonntag“ იტყობინება, რომ იურიდიული ფირმა „Masuda & Partners“, საერთაშორისო არბიტრაჟში გასაჩივრების განაცხადის შესატანად, დამატებითი პირველი დონის (AT1) ობლიგაციების იაპონელ მფლობელებს აგროვებს.

„ფირმას სურს, მაისის ბოლომდე დაარეგისტრიროს პროცესში მონაწილეობის ყველა მსურველი“, - წერს გაზეთი.

იაპონელი იურისტები, როგორც ჩანს, აპირებენ, ეს საქმე შვეიცარიასა და იაპონიას შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევის ფაქტზე ააგონ.

როგორც „NZZ am Sonntag“ წერს, ასეთი საერთაშორისო ხელშეკრულებები იმისთვის ფორმდება, რომ სხვა ქვეყანაში უცხოელების პირდაპირი ინვესტიციების სამართლებრივი დაცვა უზრუნველვყოს, დავის შემთხვევაში კი ინვესტორებს შეეძლოთ, რომ უშუალოდ მიმართონ საერთაშორისო საარბიტრაჟო საბჭოს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ უცხოელი კრედიტორების უმრავლესობა, ვის ქვეყანასაც შვეიცარიასთან ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ამ საქმეში, ასევე პირდაპირ საჩივარს შეიტანს შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოს (FINMA) წინააღმდეგ.

16 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი უეცრად გაუფასურდა

„იუ-ეს-ბი“-ს მიერ „კრედიტ სვისის“ ხელში ჩაგდების ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით განხორციელდა, 19 მარტს ძალადაკარგულად გამოცხადდა 16 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების (17,8 მილიარდი დოლარი) დამატებითი პირველი დონის ობლიგაციები.

მას შემდეგ მრავალმა იურიდიულმა ფირმამ გამოაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. საჩივრები FINMA-ს წინააღმდეგ, 1000-ზე მეტი ობლიგაციის მფლობელის სახელით, უკვე შეტანილია სენტ-გალენში, ფედერალურ ადმინისტრაციულ სასამართლოში.

წყარო: 1tv.ge