ონკოლოგიურ პაციენტებს, დღეიდან, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ. ამ გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტრომ პაციენტებსა და მათ ახლობლებს პროცედურა გაუმარტივა.

აქამდე, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში შეძენა და, სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, კვლავ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

მინისტრი ცვლილებას პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს.

„ამიერიდან, კლინიკა, გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, თავად უზრუნველყოფს ამ მედიკამენტის კლინიკაში მოტანას, დასაწყობებასა და, შემდგომ, გადასხმის განხორციელებას. ეს პაციენტისთვის სერვისის მიწოდების სტანდარტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ, ამით, ადამიანები რეალურად შეძლებენ ისარგებლონ. სამინისტრო, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ამავე მიდგომების გამოყენებით, რაც შეიძლება მეტად უმტკივნეულო გახადოს მკურნალობის პროცესი და რაც შეიძლება მეტად გააუმჯობესოს სტანდარტები, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მკურნალობის მიწოდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.