ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქი, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება, ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატმა რეფერენტული ფასების შემოღების შემდეგ წამლებზე შესაძლო დეფიციტის შესახებ დაუსვა კითხვა.

მინისტრმა თქვა, რომ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი პრობლემები.

„კარგად გაანალიზებული გაქვს 1200 მედიკამენტიდან, რომელი იყო იმ მაქსიმალურ ზღვაზე ზემოთ, რომელსაც შემცირება მოუწია, რომელი იყო არალოგიკურად ზემოთ რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო და აი ზუსტად აქედან გამომდინარე გავაკეთეთ ის, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ, დავაკვირდეთ და შემდეგი ეტაპი მერე დავიწყოთ.

ის, რომ დეფიციტი არ შეიქმნას აქ ბევრი სხვადასხვა მექანიზმი უნდა ჩაირთოს, არ არის მარტო საკმარისი ის, რომ მხოლოდ რეგულაციების კუთხით იყოს. მაგალითად ერთ-ერთი კარგი მექანიზმი ჩემი აზრით არის ის, რომ დღეს თუ რომელიმე მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტები გვექნება, სპეციალური ჯგუფი გავაკეთეთ ჩვენთან სადაც შემოდის, ზარები ან პრეტენზიები ამ კონკრეტულ მედიკამენტებზე. 

როცა კონკრეტული აფთიაქები არ გასცემენ. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი აფთიაქები, იმაზე დაახლოებით 3-ჯერ მეტი ვიდრე ქვეყანას სჭირდება და აი ამ აფთიაქების გაფანტულობის გამოც შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ეს პრობლემები. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ჰოლდინგური კომპანია იქნება თუ სხვა ფარმაცევტული კომპანია, ვისაც თავისი აფთიაქი აქვს, ან იმპორტირებულს ყიდულობს ყველა აფთიაქში, რომ მაქსიმალურად შეავსოს.

საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ გაქვს საკმაოდ ჭარბი აფთიაქების რაოდენობა. ამიტომ ამაზე ვრეაგირებთ მყისიერად, გუშინ პირველი დღე იყო და შეუძლებელია, რომ პირველ დღეს რაღაცა გამოეწვია, მაგრამ იყო სერიოზული პანიკა კონკრეტულ მედიკამენტებზე, ძირითადად თურქულზე. რომელიღაცა აფთიაქები უარს ეუბნებიან, მერე ჩვენი ჯგუფი გადის ჩვეულებრივად, მერე ყიდულობენ. ვთხოვე, რომ სხვები გაგზავნონ ხომ არ ცნობენ. აქ შეიძლება მცდელობებთან გვქონდეს საქმე და რეაგირება და მონიტორინგი კარგად მუშაობს“, - განაცხადა მინისტრმა.