"დღეს ვფიქრობთ რომ ეს არის მოკლევადიანი მერყეობა და ბაზარი თავისითაც სტაბილურდება"- პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის ამჟამინდელი გაუფასურება დაკავშირებულია მოლოდინების ფაქტორებთან, თუმცა ქვეყანაში ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

“ჩვენ დღევანდელ მერყეობას ვუყურებთ როგორც მოკლევადიან მოვლენას, როდესაც ამას ვამბობთ ვაანალიზებთ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს. ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები არის ჯანსაღი. როდესაც არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური ფაქტორები, მაშინ გრძელვადიანი ეკონომიკური მიზეზი, რომელიც გამოიწვევს კურსზე დაწოლას და გაუფასურებას, ასეთი არ არსებობს.

ცვალებადია გლობალური გარემო, არ არის მარტივი შიდა ვითარება. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩვენი ეკონომიკა მიუხედავად შიდა გამოწვევებისა, ავლენს შესაშურ მედეგობას ამ შოკების მიმართ, ეს ჩანს თუ შევადარებთ თუნდაც სხვა რეგიონებში ეკონომიკური ზრდის შენელების, ჩვენთან ეკონომიკური ზრდა მაღალია და ძლიერია. 10 თვის საშუალო მაჩვენებლით ზრდა არის 10% და საერთაშორისო ორგანიზაციები ზრდიან მოლოდინს და აღნიშნავენ, რომ საქართველო ლიდერი იქნება ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს მაღალი ზრდა არ იწვევს ინფლაციურ დაწოლას და ინფლაციაც არის დაბალი და ბოლო 20 თვე ინფლაცია მუდმივად არის დაბალი და ეს ნიშნავს, რომ ზრდა პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე მიიღწევა და არის ძალიან ჯანსაღი სინერგია.

მაშასადამე საქმე გვაქვს მხოლოდ ბაზრის ფსიქოლოგიურ რეაქციასთან, რა თქმა უნდა განწყობები ძალიან მოქმედებს ბაზარზე, გამომდინარე პოლიტიკური არასტაბილურობისა, ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო დეზინფორმაცია და განცხადებები, რომლებიც ვრცელდება ლარის კურსთან დაკავშირებით იმიტომ რომ ტრადიციულად მავანს მიზანში აქვს ამოღებული ეროვნული ვალუტა, მაგრამ ეს როგორც ჩანს აღარ მოქმედებს და მხოლოდ დროებით შეშფოთებას იწვევს,"- განაცხადა ნათია თურნავამ.