ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი – თიბისი კაპიტალმა მაკ...
მომდევნო წელს
ეკონომიკური ზრდის
პერსპექტივისთვის ყველაზე
მნიშვნელოვან ფაქტორად
რუსეთ-უკრაინის ომი რჩება.
გვსურს, კიდევ ერთხელ
გამოვთქვათ იმედი, რომ
მიმდინარე მოლაპარაკებები
სამართლიანი და მდგრადი
სამშვიდობო შეთანხმებით
დასრულდება. ამავდროულად,
კონფლიქტის დასრულების
სცენარი, როგორც ეს ჩვენს
არაერთ პუბლიკაციაშია
განხილული, 2022 წლიდან
საქართველოში გაზრდილი
სავაჭრო ნაკადების
ნაწილობრივ კვლავ
რეორიენტაციას მოიაზრებს.
მეორე მხრივ, აღნიშნულ
სცენარში სხვა დადებითი
ეკონომიკური ფაქტორებიც
გასათვალისწინებელია,
როგორებიცაა უფრო დაბალი
რისკის პრემია და მაღალი
ეკონომიკური ზრდა
რეგიონში, ფართო
მოხმარების საქონელზე
ფასების შესაძლო კლება და
ევროს გამყარება, რაც
ლარისთვის პოზიტიურია.
ორმხრივი არგუმენტების
ერთობლიობითა და ომის
დასრულების გაზრდილი
ალბათობის შესაბამისად,
თიბისი კაპიტალის
პროგნოზით, 2026 წელს
ეკონომიკური ზრდა
გრძელვადიან ტენდენციას
დაუახლოვდება და 4.5%-ს
მიაღწევს. რასაკვირველია,
მოცემულ პროგნოზზე
მნიშვნელოვან გავლენას
მოახდენს სამშვიდობო
შეთანხმების მიღწევის
ვადები და პირობები, რაც
ჯერ კიდევ გაურკვეველი
რჩება, თუმცა აუცილებლად
მხედველობაშია
მისაღები.რაც შეეხება
კვლავ 2025 წელს, როგორც
მესამე კვარტალში, ასევე
ჯამურად ცხრა თვეში
ეკონომიკური ზრდის
ძირითადი კონტრიბუტორები
ინფორმაციისა და
კომუნიკაციის და
განათლების სექტორები იყო.
უფრო გრძელვადიან ჭრილში,
2019 წელთან შედარებით, ზრდის
ყველაზე მსხვილ
კომპონენტებს ინფორმაცია
და კომუნიკაცია,
ტრანსპორტირება და
ვაჭრობა
შეადგენდა.ამავდროულად,
ისევ მაღალია წმინდა
სავალუტო შემოდინებები.
კერძოდ, ნოემბერში
ექსპორტი 44.2.%-ით გაიზარდა,
იმპორტში კი 1.2%-იანი კლება
დაფიქსირდა. შედეგად,
საქონლით ვაჭრობის
დეფიციტი ბოლო წლებთან
შედარებით მნიშვნელოვნად
არის შემცირებული.
ნოემბრის ექსპორტის ზრდას,
ერთი მხრივ, რე-ექსპორტი
განაპირობებდა, დიდწილად
ავტომობილების გამო, ხოლო,
მეორე მხრივ, ადგილობრივი
ექსპორტი, კერძოდ კი
ძვირფასი ლითონის მადნები,
ნავთობი და
ფეროშენადნობები. თავის
მხრივ, იმპორტის კლება
ძირითადად ავტომობილების
იმპორტით იყო
განპირობებული, რომელიც
წლიურად 17.5%-ით შემცირდა,
ექსპორტის 53.2%-იანი ზრდის
პარალელურად. როგორც ადრეც
აღინიშნა, ავტომობილებით
ვაჭრობის დადებითი
ბალანსი დროებითია და
სამომავლოდ იმპორტის
ზრდის ან ექსპორტის კლების
არხით კორექტირდება.
მაგალითისათვის, ჩვენი
შეფასებით, სეზონური
ფაქტორების გამორიცხვით,
ბოლო თვეების
განმავლობაში სავაჭრო
ნაკადების უცვლელ დონეზე
შენარჩუნების
შემთხვევაში,
ავტომობილებით ვაჭრობის
ჯამური დეფიციტი
მიმდინარე წელს,
დაახლოებით, 300 მილიონი აშშ
დოლარით მეტი
იქნებოდა.აღსანიშნავია,
რომ, ავტომობილების გარდა,
საქონლით ვაჭრობის
დეფიციტის შემცირებას
ძვირფასი ლითონები და
ნავთობიც განაპირობებს.
კერძოდ, ძვირფას ლითონებზე
მსოფლიო ფასის
მნიშვნელოვანი მატების
პარალელურად, გაზრდილია
ძვირფასი ლითონის
მადნების ექსპორტი, ხოლო
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის
ფასების კლება, პირიქით,
იმპორტის შემცირებას
უწყობს ხელს. ამ ფაქტორების
ერთობლივი ეფექტი, ჩვენი
შეფასებით, 250 მილიონ აშშ
დოლარს აღწევს.სავალუტო
შემოდინებების სხვა
კომპონენტების მხრივ,
ფულადი გზავნილები
ნოემბერში 13.1%-ით გაიზარდა,
რაც ოქტომბრის 13.4%-ს მხოლოდ
მცირედით ჩამორჩება.
მიმდინარე წელს
გზავნილების ზრდის
ფაქტორები ქვეყნების
მიხედვით განსხვავებულია.
კერძოდ, აშშ-დან
გზავნილების ზრდას როგორც
გზავნილების რაოდენობა,
ასევე გზავნილის საშუალო
მოცულობა განაპირობებს.
ევროკავშირის ქვეყნების
შემთხვევაში კი,
როგორებიცაა იტალია,
საბერძნეთი და გერმანია,
აშშ დოლარში გზავნილების
ზრდა თითქმის მთლიანად
ევროს გამყარებით არის
გამოწვეული, რადგან ევროში
გზავნილის საშუალო
მოცულობა დიდწილად
უცვლელია. მსგავსი
ტენდენციაა რუსეთიდან
გზავნილების
მხრივაც.ამავდროულად,
დეკემბერში მზარდია
უნაღდო დანახარჯების
დინამიკა, განსაკუთრებით
არარეზიდენტების ხარჯების
კუთხით, რომლებიც
ტურიზმიდან შემოსავლების
შეფასებისთვის
გამოიყენება. შიდა
დანახარჯები შედარებით
მცირედითაა გაზრდილი, ხოლო
მიგრანტების ხარჯვა
მეტნაკლებად
უცვლელია.ჯამურად, წმინდა
სავალუტო შემოდინებები
ნოემბრის მდგომარეობით
მაღალ ნიშნულზე რჩება.
აღნიშნული,
რეინვესტიციების
კლებასთან ერთად,
მიმდინარე ანგარიშის
დეფიციტის მნიშვნელოვან
მოსალოდნელ შემცირებაზე
მიუთითებს. თიბისი
კაპიტალის პროგნოზით, სხვა
თანაბარ პირობებში, 2025 წელს
მიმდინარე ანგარიშის
დეფიციტი, დაახლოებით,
მშპ-ის 3.5%-მდე შემცირდება.
ამასთან, როგორც ზემოთ
აღინიშნა, საგარეო
ბალანსის გაუმჯობესებას
ერთდროულად ხელს უწყობს
ავტომობილებით ვაჭრობის
დინამიკა და ოქროს ფასები
ერთი მხრივ, და ნავთობის
ფასებისა და ჯამურად
იმპორტის კლება მეორე
მხრივ, რაც საშუალოვადიან
პერიოდში რთულად
შესანარჩუნებელი
კომბინაციაა. შესაბამისად,
მიმდინარე ანგარიშის
ბალანსი 2026 წელს მცირედით
გაუარესდება და 5%-ს
მიაღწევს.წმინდა სავალუტო
შემოდინებებთან ერთად,
სავალუტო ბაზარზე არსებულ
სიჭარბეს კვლავ
დეპოზიტების ლარიზაციაც
განაპირობებს. დღიურ
მონაცემებზე დაყრდნობით,
დეკემბრის მეორე კვირიდან
ლარიზაცია ისევ
გააქტიურებულია. ვინაიდან
ლარიზაცია სებ-ის სავალუტო
ინტერვენციებთან მჭიდრო
კავშირშია, ჩვენი
შეფასებით, აქტიური
ინტერვენციები
დეკემბერშიც გრძელდება და,
დღევანდელი მდგომარეობით,
სებ-ს დამატებით,
დაახლოებით, 200 მილიონი აშშ
დოლარი აქვს შეძენილი.
შესაბამისად, მარტიდან
დეკემბრის ჩათვლით ჯამური
შესყიდვები 2.3 მილიარდ აშშ
დოლარს აღწევს.
საერთაშორისო სავალუტო
ფონდის შეფასებით,
ნოემბრის ბოლოსთვის სებ-ის
სავალუტო რეზერვები
შესაბამისობის ნორმის 100%-ს
დაუახლოვდა, თუმცა
მოსალოდნელია, რომ, ლარის
მხარდამჭერი გარემოს
შენარჩუნების პირობებში,
ინტერვენციები
გაგრძელდება. შესაბამისად,
ლარის მნიშვნელოვანი
გამყარება საბაზო სცენარი
არ არის. მეორე მხრივ, ომის
დასრულების სცენარი,
როგორც ზემოთ აღინიშნა,
სავალუტო ნაკადების
გარკვეულ რეორიენტაციას
მოიაზრებს, რაც გაცვლითი
კურსისთვის მოკლევადიან
პერიოდში ნეგატიური
ფაქტორია. ამ სცენარში
მოსალოდნელია სავალუტო
კონვერტაციებიც, თუმცა,
სავალუტო რეზერვების
შევსების ფონზე, ასევე
გასათვალისწინებელია
სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა,
რომელიც ლარის ჭარბი
მერყეობის შეზღუდვას
გულისხმობს.იხილეთ
პუბლიკაციის სრული ვერსია
შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007270-macro-update-georgia
1766573041