საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ზირაათ ბანკი საქართველო" 25 ათასი ლარით დააჯარიმა.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი გახდა კლიენტის მიმართ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევა.

„1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);

"ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

"ზირაათ ბანკი საქართველო" ქართულ ბაზარზე როგორც თურქეთის რესპუბლიკის ზირაათ ბანკის“ შვილობილი 2017 წლიდან ოპერირებს, სწორედ იმ დროს მიიღო „ზირაათმა“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია. მანამდე, 1998 წლიდან ის წარმოადგენდა დედა კომპანიის ფილიალს - „ზირაათ ბანკი თბილისის ფილიალი“.

სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერით, "ზირაათ ბანკი საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის ჰარუნ ოზმენი, თავმჯდომარის მოადგილე - ოზლემ მელექ სეზერი. ამასთან, საბჭოს წევრები არიან - : ქეთევან ტყავაძე, სეზგინ თუნჩი და დიმიტრი ჯაფარიძე.

ბანკის განთავსებული კაპიტალი 50 მლნ ლარს შეადგენს.