საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და დეკემბრის მდგომარეობით 4.45 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამ ფაქტს დადებითად აფასებს ,,აფბას" პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე და მიაჩნია, რომ არსებული მონაცემი კიდევ ერთხელ ადასტურებს სებ-ის მიერ გასულ თვეებში გადადგმული ნაბიჯების მართებულობას.
„ნოემბერ-დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 324 მილიონი დოლარით ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გასულ პერიოდში სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო გააზრებული, ადეკვატური და თანმიმდევრული. მით უფრო იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებიც კი არ არსებობს.
ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციის მიზნით სებ-ის მიერ განხორციელებული რიგი ინტერვენციებიც ასევე გამართლებული იყო და ლოგიკურია, რომ სიტუაციის დასტაბილურების კვალდაკვალ, რეზერვების შევსებაც აქტიურად ხორციელდება.
ასევე, ბოლომდე გაქარწყლდა ის იმთავითვე უსაფუძვლო და პროპაგანდისტული ხასიათის განცხადებები, რომ თითქოს 600 მილიონი დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვის გახარჯვა, როგორც საფინანსო სექტორს, ისე სრულიად ქვეყანას რთულ მდგომარეობაში ჩააგდებდა.
ფაქტია, დღემდე შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ნიშნული და ამ ფონზე აქტიურად მიმდინარეობს რეზერვების შევსებაც.
ვითარების მდგრადობას ადასტურებს საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობის ზრდაც. სების მონაცემებით გაზრდილია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა.
გასულ პერიოდშიც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე მიმაჩნია, რომ ყოველთვის, როცა ლარის მოკლევადიანი მერყეობა განპირობებული იქნება არაფუნდამენტური ფაქტორებით, სებ-მა მყისიერად უნდა მოახდინოს რეაგირება, მათ შორის, სავალუტო რეზერვების ხარჯზე, რათა ვითარება სწრაფად დასტაბილურდეს და შემდგომ განახლდეს რეზერვების შევსების პროცესი“ - განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს, აფბას ხელმძღვანელის მოსაზრებით, თუკი 2025 წლის განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდება ეკონომიკური ზრდის მაღალი მონაცემები, ბუნებრივია საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაც გაიზრდება. „როგორც აღვნიშნე, დღეს ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში რაიმე ფუნდამენტური პრობლემა არ იკვეთება, შესაბამისად თუკი 2025 წელს ქვეყანაში შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ბუნებრივია, უნდა ველოდოთ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაც გაიზრდება.
ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, რეზერვების დივერსიფიცირებაც და ფაქტია რომ სებ-ის მიერ, თავის დროზე, მონეტარული ოქროს შეძენამაც თავისი დადებითი როლი ითამაშა და მისი მოცულობის დაახლოებით 100 მილიონი დოლარით ზრდა განაპირობა", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.