პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა - სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო -1.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრისგან შემდგარმა პლენუმმა 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა საზღვარგარეთ. დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ - ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სასამართლოს პლენუმში არიან: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინა იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2024 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის 66% ხელფასებზე დაიხარჯება. ამ მხრივ საინტერესოა, როგორი იყო საკონსტიტუციო სასამარლოს მოსამართლეების ანაზღაურება გასულ წელს.
9 მოსამართლიდან უმეტესობას, 7-ს უკვე აქვს 2022 წლის ქონებრივი დეკლარაცია წარდგენილი. ამ დოკუმენტაციის თანახმად, გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე 132 981 ლარი; მოსამართლე ვასილ როინიშვილის შემოსავალმა - 121 648 ლარი; მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შემოსავალმა - 117 191 ლარი; მოსამართლე ევა გოცირიძის შემოსავალმა საკონსტიტუციოში - 105 032 ლარი; მოსამართლე მანანა კობახიძის შემოსავალი 2022 წელს სასამართლოში - 122 256 ლარი; მოსამართლისა და სასამართლოს მდივნის გიორგი თევდორაშვილის შემოსავალმა 122 256 ლარი; მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის შემოსავალმა - 117 191 ლარი შეადგინა. ირინა იმერლიშვილსა და თეიმურაზ ტუღუშს კი ჯერ 2022 წლის დეკლარაციები არ აქვთ წარდგენილი, შესაბამისად, 2021 წელს სასამართლოში მათმა შემოსავალმა ტუღუშის შემთხვევაში - 109 312 ლარი შეადგინა. ირინა იმერლიშვილს კი დეკლარაციაში ანაზღაურება არ აქვს მითითებული.
ცნობისთვის, 2018 წელს 6-წლიანი ვადით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.
წყარო: BPN.GE