2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 11.9%-ს შეადგენს.  ოქროს ფასის ზრდის ფონზე, სებ-ის სარეზერვო ოქროს ზოდების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად სებ-ში განუცხადეს.

ოქროს მსოფლიო საბჭოს (World Gold Council) მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა საკუთარი ოქროს რეზერვები დაახლოებით 262 ტონით გაზარდეს. WGC-ის წინასწარი შეფასებით, ივლისში სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 37.1 ტონით გაიზარდა. ექსპერტთა განმარტებით კი, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. 
„2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 11.9%-ს შეადგენს.

ამასთან, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ეფექტური მართვა. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე თვის წინ სებ-მა საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დაამატა“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს ეროვნულ ბანკში.

როგორც სებ-ში განმარტეს, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან. 

„სებ-ის მიერ ოქროს შესყიდვიდან ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მუდმივად მზარდია. შესაბამისად, ოქროს ფასის ზრდის გამო სებ-ის სარეზერვო ოქროს ზოდების საბაზრო ღირებულების ზრდა დაახლოებით 76.7 მლნ აშშ დოლარს უტოლდება“, - აცხადებენ სებ-ში.