„მანქანა ახალია, მაგრამ სტატუსი აქვს მეორადის და სწორედ ამიტომ არ ვრცელდება მასზე გარანტიები,“ - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსი ნონიაძემ ისაუბრა, ჩინელი ავტომწარმოებლები გარანტიებს არ იძლევიან.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინელი კოლეგები ცოტა მოუმზადებლები ჩამოვიდნენ, რადგან მათ სათანადოდ არ ჰქონდათ შესწავლილი ქართული ბაზარი, რომელიც ისედაც პროფიციტიულია. აქ ჩინური ავტომობილების გაყიდვა მარტივი არ იქნება, მაგრამ ისინი გეგმავენ, რომ ეს იქნება სამომავლო პერსპექტივები.

ასოციაცია და თითოეული ლოგისტიკური კომპანია დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ლოგისტიკური ჰაბი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი თემა ჩვენს შორის,“ - განაცხადა ნონიაძემ.

ალექსი ნონიაძემ ის ქვეყნებიც დაასახელა, რომლის ბაზრის ათვისებაც სურთ ჩინელ ავტოიმპორტიორებს. მისი თქმით, ესენია სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, მათ სრულყოფილად მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ელექტრომობილების გამოწვევებთან დაკავშირებით.

„თუნდაც ის, რომ ჩვენთან ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს და ის სათანადოდ განვითარებული არ არის. ასევე ის, რომ, მოსახლეობა არ იცნობს კარგად ჩინურ ავტომობილებს, რომ არ ვიცით, რამდენად თავსებადი იქნება ჩვენს კლიმატთან, პირობებთან. ასევე სერვისულ მომსახურებაზე ვისაუბრეთ.ასევე ვისაუბრეთ ერთ-ერთ ძირითად პრობლემაზე - გარანტიებზე, რასაც ისინი არ იძლევიან.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნა, ჩინური ავტომობილების წარმოებას ასუბსიდირებს სახელმწიფო, შესაბამისად არის ამ ავტომობილების დიდი რაოდენობა და მათ არ იციან, სად გაყიდონ ის. სუბსიდიები რომ არ დაკარგოს სახელმწიფოსგან, ამ ნულოვანი გარბენით ავტომობილებს არეგისტრირებენ, როგორც მეორადებს, ანუ ფაქტობრივად, მანქანა ახალია, მაგრამ სტატუსი აქვს მეორადის და სწორედ ამიტომ არ ვრცელდება მასზე გარანტიები,“ - განაცხადა ნონიაძემ.

მისი თქმით, ამისთვის ისინი მზად არ აღმოჩნდნენ.

„ამიტომ შევთავაზეთ, რომ ავტომობილები ექსკლუზიურ ფასად შემოგვთავაზონ. ჯერ-ჯერობით აზრები გავცვალეთ და ველოდებით მათგან მორიგ ნაბიჯს.

ახლა მათ საკმაოდ რთული სიტუაცია აქვთ, 28%-ით ისინი ევროპამ შეზღუდა, ამერიკამ 100%-ით, შესაბამისად ახალი ბაზრები სჭირდებათ და თუ აქვთ გაყიდვის სურვილი, ის ორმხრივად სასარგებლო უნდა იყოს. ჩვენთვის მთავარია, რომ ცალკეული პირების გარდა, ქვეყანამ მიიღოს სარგებელი,“ - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ,თბილისში, ჩინელ და ქართველ ავტოიმპორტიორთა შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ჩინური მხარიდან ტიანჯინის მუნიციპალური კომერციის ბიუროს ხელმძღვანელი, გუ ტინქსინი, Harbour Bonded Area-ის ადმინისტრაციული ბიუროს, ტიანჯინის პორტის თავისუფალი სავაჭრო ზონის დირექტორის სუნ ინგი და ჩინეთის მსხვილი ავტო დილერები ესწრებოდნენ.

წყარო: BPN.GE