"საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს 0%-იანი ინფლაცია გვქონია, რაც ნიშნავს, რომ ფასები საშუალოდ არ გაზრდილა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მაინც მუდმივად ფასების ზრდაზე წუხს და არცთუ უსაფუძვლოდ. ბოლოს და ბოლოს, თბილისი კავკასიაში ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება. რატომ არის საქართველოში ფასები მაღალი და ამ მხრივ რატომ ვუსწრებთ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც კი, რომლებიც ეკონომიკურად ჩვენზე წინ არიან? რატომ არის ასეთი სხვაობა ოფიციალურ მონაცემებსა და მოსახლეობის აღქმებს შორის? ამ საკითხებზე ვესაუბრებით ეკონომიკის პროფესორს სოსო არჩვაძეს.

- ფასი ყველაზე მგრძნობიარე ინდიკატორია, რომელიც თანაბრად აწუხებს საზოგადოებასაც, ხელისუფლებასაც, მედიასაც და საერთოდ, რომ იტყვიან, გამადიდებელი შუშით აკვირდება ყველა და არც კრიტიკული შეფასებები აკლია, რადგან ფასების წინა პერიოდთან შედარებით კლებას საზოგადოება იღებს მოცემულობად, როგორც დამსახურებულსა და აუცილებელს, და რაზეც იმატებს, ამას მწვავედ განიცდის.

საზოგადოების მთავარი პრობლემა არის შედარებით დაბალი შემოსავალი, იმიტომ, რომ ფასებს განვიცდით არა მარტო მათი ფაქტობრივი დონის მიხედვით, არამედ ქვეცნობიერადაც ჩვენი შემოსავლების თანაფარდობით ამ ფასებთან. ზოგისთვის ეს შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს, ზოგისთვის კი სავსებით მისაღები. ამიტომ ნებისმიერი ხელისუფლების, ბიზნესსტრუქტურების, თავად მოსახლეობის ზოგადი სტრატეგია უნდა იყოს არა იმდენად ფასებზე გამოდევნება, არამედ აქცენტი უნდა გაკეთდეს ჩვენი შემოსავლების დინამიკაზე ფასების ზრდასთან მიმართებაში - ანუ იდეფიქსი უნდა იყოს, რომ ჩვენმა შემოსავლებმა ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ მომენტში, გადაუსწროს ფასების ცვლილებას ზრდის თვალსაზრისით. თუ ეს არის მიღწეული, ესე იგი, საშუალო შემოსავლის, ხელფასი იქნება, პენსია თუ სხვა, მსყიდველობითუნარიანობა იზრდება. ეს არის მთელი ალგორითმი. იმის თქმა, რომ ამ მხრივ ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებულად მგრძნობიარე ან ემოციურია, არ იქნება სწორი, რადგან ეს ზოგადი პრობლემაა. მაგალითად, აშშ-ში 1 დოლარის მსყიდველობითუნარიანობა 1924 წლიდან დღემდე 19-ჯერ არის შემცირებული, მაშინდელი 1 დოლარი უდრის დღევანდელ 19 დოლარს, ანუ ფასები 19-ჯერ გაიზარდა ამერიკაშიც და სხვა ქვეყნებზე რაღა უნდა ვთქვათ. მეორე საკითხია, რამდენად მიჰყვება ფასების ამ მატებას შემოსავლები.

ჩვენ თუ სტატისტიკის უტყუარობას­ აპრიორულად ვაღიარებთ, მაშინ საქართველოში ვიღებთ საინტერესო ვითარებას, რომ შარშან ფასები მინიმალური დონით გაიზარდა, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლებს თუ ავიღებთ, ¼-ზე ცოტა მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ იზრდება შემოსავლები, მაგრამ არ იზრდება ფასები. გამოდის, იმატებს საქართველოს შიდა ბაზრის ტევადობა - ანუ იზრდება­ მოთხოვნაც საქართველოს შიდა ბაზარზე და იზრდება მიწოდებაც, ეს კი პოზიტი­ური მაჩვენებელია. ჩვენ რომ გვქონოდა შეზღუდული საბაზრო პოტენციალი, მაშინ ასეთი ზრდის პირობებში ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ოფიციალური სტატისტიკით მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდა. რაც უნდა ვიწუწუნოთ, ფაქტი სახეზეა, ერთი წლის თავზე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას მეტი შემოსავლები აქვს, ვიდრე ერთი წლის წინ ჰქონდა, და ეს არ არის მხოლოდ, როგორც პოლიტიკოსებს უყვართ თქმა, 20-25 ოჯახის ნამატი. ეს პოლიტიკური და პროპაგანდისტული ბრძოლის ფორმაა და რეალობასთან საერთო არაფერ აქვს. შესაძლოა ვიღაც მეტ შემოსავალს იღებს, ვიღაც ნაკლებს, მაგრამ ეს არის ზოგადი ტენდენცია. ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკაში და უნდა შევეჩვიოთ ერთ რამეს - სიღარიბეში თანასწორობას სჯობს უთანასწორობა სიმდიდრეში. ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპია და მას უნდა მივდევდეთ. სახელმწიფომ კი თვალი უნდა ადევნოს, რომ რაც შეიძლება ცოტა გვყავდეს დაბალშემოსავლიანები და ხდებოდეს სოციალური ქოლგის გამოყენება, რათა ამ ქოლგის მიღმა საზოგადოების ის ჯგუფები არ დაგვრჩეს, რომლებიც დაცვას საჭიროებენ.

- შარშან აღრიცხული 0%-იანი ინფლაცია­ წლეულს ეკონომიკაზე როგორ აისახება? ხომ არ არის ეკონომიკის ზრდის დამუხრუჭების საფრთხე, რასაც, როგორც წესი, დეფლაცია იწვევს?

- ჩვენ 140-ზე მეტ სახელმწიფოსთან გვაქვს ურთიერთობა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა დიდწილად არ არის დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლების საქმიანობაზე. ბევრი რამ ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავიღოთ 2020 და 2022 წლები. ერთ წელს ჩვენ გვქონდა 6,3%-იანი ვარდნა, რომელიც კოვიდპანდემიით იყო გამოწვეული და რაც უნდა კარგად ემუშავა ხელისუფლებას, იმ წელს ეკონომიკურ ზრდას ვერ მიაღწევდა. მეორე შემთხვევაში კი გვქონდა რუსეთიდან დიდი ოდენობით ფინანსური აქტივების შემოდინება, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ქართული ეკონომიკის ზრდა - ანუ აქაც გარე ფაქტორები­ იყო გადამწყვეტი. ასე რომ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი 2023 წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტი ჰქონდა და ჩვენი ექსპორტი გაცილებით ნაკლები იყო, დაახლოებით 1 მილიარდ 437 მილიონი ანუ უარყოფითი სალდო ნახევარ მილიარდზე მეტი იყო. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ნეიტრალური და ან დადებითი სალდო გვქონოდა, რა თანხა დარჩებოდა საქართველოში­ და როგორ წაადგებოდა ის ადგილობრივ მწარმოებლებს, გლეხური მეურნეობით დაწყებული, გადამმუშავებელი მრეწველობით დამთავრებული. ამ საუკუნეში ჩვენმა უარყოფითმა სალდომ მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის ხაზით 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ანუ ქვეყნიდან გავიდა თანხა, რომელიც ჩვენს სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულების რამდენიმე წლის ჯამური სიდიდეა. მოკლედ, ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული და თუ მსოფლიო ბაზარზე ფასები მცირდება და ამის ტენდენცია გამოჩნდა, ამან პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენი შიდა ბაზრის სტაბილიზაციაზე.

- 2024 წელს რას უნდა ველოდოთ ფასებთან დაკავშირებით?

- მსოფლიო ბანკის შეფასებით, რეცესიისა და სტაგნაციის ნიშნები შეინიშნება გლობალურ ეკონომიკაში და თუკი ჩვენს სამეზობლოს გადავხედავთ, იქაც ეკონომიკური ზრდის შედარებით დაბალი ტემპებია. შედარებით დაბალი ზრდის ტემპები კი ნიშნავს შედარებით დაბალ ინფლაციას სხვა თანაბარ პირობებში და ამან შეიძლება გარკვეულწილად უზრუნველყოს იმპორტირებული საქონლის ფასების სტაბილურობის მეტ-ნაკლები შენარჩუნება. ჩვენ ასევე დიდი რაოდენობით შემოგვაქვს ენერგორესურსები. 2023 წელს ამაშიც თითქმის 2-მილიარდიანი მაჩვენებელი გვქონდა და მასზე ფასების ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენას მოახდენს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისად დიდი რესურსი, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჯერ ერთი, შიდაეკონომიკური ზრდა და იმ შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება, რაც საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის კიდევ უფრო გამყარებასა და გაძლიერებას­ უკავშირდება. ეს პოზიტიურად აისახება ჩვენი ვალუტისა და შესაბამისად, ფასების სტაბილურობაზე.

- წლეულს კონკრეტულად რა შეიძლება გაძვირდეს და რა გაიაფდეს?

- თუ ბოლო, იანვრის მონაცემებს ავიღებთ, გასულ წელთან შედარებით თითქმის 3,5-ჯერ მეტი დასახელების პროდუქციაზე შემცირდა ფასები. ეს 130-ზე მეტი დასახელებაა და იმის მაჩვენებელია, რომ ფასები შედარებით სტაბილურია, მაგრამ ვიმეორებ, აქცენტი უნდა გავაკეთოთ არა იმდენად ფასების შეჩერებაზე ან შემცირებაზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს მეტი შემოსავალი, რათა გაზრდილი ფასების შემთხვევაშიც მეტი საქონლის, პური იქნება თუ ხორცი, შეძენის შესაძლებლობა ჰქონდეს.

- დაბალშემოსავლიან მოქალაქეს არ აინტერესებს, ფუფუნების საგნებზე ფასები შემცირდება თუ გაიზრდება, მას პირველადი მოხმარების საქონლის ფასი აინტერესებს.

- სტაბილური მდგომარეობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ანომალიური მოვლენაა და ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენთან ეს მოხდეს. ყველაფერი დინამიკურია და როგორ შეიძლება სტატიკაში შევინარჩუნოთ ის, რისი მაფორმირებელი ფაქტორები იცვლება და სხვა განზომილებაში გადადის. ამიტომ იქნება ზრდა, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, რომ რაიმე კოლიზია გამოიწვიოს მოსახლეობის კეთილდღეობაში.

- განსაკუთრებული სპეკულაციის საგანია პურის ფასი. მისი ფასები როგორი იქნება?

- პურისა და პურპროდუქტების მოხმარების მხოლოდ 22% კმაყოფილდება შიდა რესურსებით, დანარჩენი იმპორტია, რომლის 99% ჩვენს დაუძინებელ ჩრდილ­ოელ მეზობელზე მოდის და აქ პროგნოზის­ გაკეთება შეუძლებელია. ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე.­ ორიენტაცია უნდა ავიღოთ ჩვენი­ აგრარული­ სექტორის განვითარებაზე, რათა ის მაღალი ინდუსტრიული საქმია­ნობის სფეროდ ვაქციოთ. პოტენციალის 10-15%-ც არ არის სრულად გამოყენებული. უნდა გამოვიყენოთ წარმატების ორგანიზაციის ისეთი ფორმა, როგორიც არის კოოპერირება.­ კოოპერაციას აქვს თავისი პოზიტიური მუხტი, სინერგიის ეფექტი და სხვა. ამაზე ლაპარაკი ახლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ყველა ეს ფაქტორი და რესურსი უნდა გამოყენებულ იქნეს, ჩავაყენოთ ქვეყნის სამსახურში და შევძლოთ მეტი რესურსის წარმოება. მაგალითად გამოგვადგება ნიდერლანდები, რომლის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაზე თითქმის ყირიმის ნახევარკუნძულის ფართობით ნაკლებია, ტერიტორიის 40% ზღვას წაართვეს, მაგრამ მსოფლიოში მეორე ადგილზე არიან აგრარული პროდუქციის ექსპორტით. 2003 წლამდე ნიდერლანდების ყვავილების ექსპორტი უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს მთლიანი მშპ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აგრარული სექტორი ვაქციოთ მძლავრ ინდუსტრიულ, მოწინავე ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაზე­ დაყრდნობილ დარგად. ამისთვის დაგვჭირდება სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა და მხარდაჭერა. ის ვალუტა, რომელიც დღეს ქვეყნიდან იმიტომ გაედინება, რომ არ ვაწარმოებთ საკმარის სასურსათო პროდუქციას, ეკონომიკის განვითარების საშუალებას მოგვცემდა...

- ხშირად არის საუბარი, რომ ევროპაში თუნდაც საკვები და ასევე სხვა პროდუქტების ფასები საქართველოს ფასებზე გაცილებით დაბალია. რატომ ხდება ასე?

- პირველ რიგში, ევროკავშირში არ არის მხოლოდ მაღალგანვითარებული ინდუსტრია, არამედ იქ მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 7-ჯერ მეტი იწარმოება მარცვლეული, პირველ რიგში ხორბალი, ვიდრე საქართველოში. ადგილობრივი წარმოების მასშტაბები საკმაოდ დიდია, აქვთ მძლავრი სახელმწიფო მხარდაჭერა, სუბსიდირება როგორც სახელმწიფოების ბიუჯეტებიდან, ასევე ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან. ბოლო დრომდე ბრიუსე­ლის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი აგროპროდუქციის სუბსიდირებაზე მოდი­ოდა და ერთობლივი წარმოების ეფექტიც განაპირობებს, რომ წარმოება იაფი ჯდება. ისინი არიან მწარმოებლები, ჩვენ კი იმპორტიორები და ესეც განსაზღვრავს ფასების ზრდას.

- კავკასიაშიც საქართველოა ყველაზე ძვირი ქვეყანა. ამას რაღა განაპირობებს?

- მედალს ორი მხარე აქვს. 2014-2015 წლამდე აზერბაიჯანული მანათი საკმაოდ ძვირი იყო და ქვეყანა ე.წ. ჰოლანდიური ავადმყოფობის წინაშე იდგა. მერე მოხდა მანათის დევალვაცია და ამან აზერბაიჯანული პროდუქცია გააიაფა. ჩვენთან ამ ბოლო დროს საპირისპირო მიმართულებით მივდივართ. როგორც გახსოვთ, დოლარის კურსი იყო 3,4-3,5-ის ფარგლებში, დღეს არის 2,65-ის ფარგლებში - ანუ არ შეიძლება ეროვნული ვალუტის გამყარება ძალიან უსწრებდეს ეკონომიკის რეალური სექტორის ზრდას. ადრე თუ გვიან, ეს მიგვიყვანს იმ ჩიხამდე, რასაც სწორედ ჰოლანდიური ავადმყოფობა ჰქვია. ჩვენ უნდა შევძლოთ წარმოების ისეთი ზრდა, რომელიც მართლა ადეკვატური იქნება. დღესდღეობით ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო "დამძიმებულია" ჩვენი ეკონომიკის პოტენციალთან შედარებით და ეკონომიკა გაცილებით მოიგებდა, თუ კურსი იქნებოდა, ზუსტ რიცხვს ვერ ვიტყვი, მაგრამ დაახლოებით 2,9-3 აშშ დოლარის მიმართ. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ადგილობრივი წარმოების ექსპორტის მასშტაბი მცირდება და ამას მხოლოდ მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურას ნუ დავაბრალებთ, ეს ჩვენი ეროვნული ვალუტის გამყარებასაც უკავშირდება, რაც აძვირებს პროდუქციას და ამცირებს მის კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე.

- რატომ მყარდება ასე? თუ ფიქრობთ, რომ ეს ხელოვნური ჩარევის გამო ხდება, მაშინ რატომ არ რეაგირებს ეროვნული ბანკი?

- აქ ორი მომენტია, წმინდა ეკონომიკური და ობიექტური. როდესაც ქვეყანაში შემოდის ჭარბი ვალუტა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკის ზრდასთან, ეს ნიშნავს, რომ ერთეულ ეროვნულ ვალუტაზე მოდის სულ უფრო და უფრო მეტი უცხოური ვალუტა და ეს ეროვნული­ ვალუტის გამყარებას იწვევს, მერე კი ეს ზიარჭურჭლის პრინციპით გადმოედინება სამომხმარებლო ბაზარზე, გავლენას ახდენს ფასებზე, აძვირებს ჩვენს პროდუქციას და მსოფლიო ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ამიტომ გვჭირდება არა მარტო ვალუტის შემოდინება და რეზერვების გაზრდა, არამედ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის რეალურმა სექტორმა მეტი დინამიზმი გამოავლინოს და შექმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება.

რუსა მაჩაიძე

kvirispalitra.ge