თუ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, ლარს პრობლემა არ ელის, მაგრამ არეულობის შემთხვევაში, გაუფასურება გარდაუვალია

ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო. ერთ დღეში ეროვნული ვალუტა ორი პუნქტით დაეცა. თუ კი აქამდე კურსი ეტაპობრივად მყარდებოდა და სტაბილურ ნიშნულზე იყო, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. "რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ლარის გაუფასურება და რა პროცესები დაიწყება მოახლოებული არჩევნებისა და ამოქმედებული სანქციების ფონზე?

თუკი "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ორი დღის წინ ერთი ამერიკული დოლარი 2.6940 ლარი ღირდა, გუშინ 2.7150 ლარი გახდა. ოფიციალური კურსიც დაახლოებით იდენტურია.

ეკონომისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაწყებული გაუფასურება, ამ ეტაპზე, მოახლოებულ არჩევნებს და სანქციებს არ უკავშირდება. როგორც ფინანსისტი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, ლარის დევალვაცია სავალუტო შემოდინების კლებამ განაპირობა. შესაბამისად, მისი აზრით, თვის ბოლოსთვის ეროვნული ვალუტა 2.73-მდე გაუფასურდება და თუ არჩევნების პერიოდში პოლიტიკური მდგომარეობა დამძიმდება, კურსი კიდევ დაეცემა.

"ჩვენ პროგნოზი გვქონდა გაკეთებული, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ლარის კურსი იქნება იმაზე უფრო ცუდი, ვიდრე გვქონდა ორი თვის წინ. ეს ყველაფერი სრულდება და ამ ეტაპზე, არაფერ შუაში არ არის არჩევნები. 26 ოქტომბრის შემდეგ, თუ იქნება არეულობა, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტა გაცილებით მეტად გაუფასურდება, მაგრამ იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენ გვქონდა გათვლილი, რომ წესით, 15 სექტემბრიდან კურსს უნდა დაეწყო გაუფასურება. ფაქტობრივად ასეც მოხდა.

ლარის სიმყარე სავალუტო შემოსავლებზეა დამოკიდებული. ის ყოველ თვეში იკლებს და აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ სექტემბრის ბოლოსთვის კურსი 2.73-2.74 იქნება. ეს არჩევნების გარეშე და თუ 26 ოქტომბრის შემდეგ რამე მოხდება, უფრო გააუარესებს სიტუაციას”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

ფულადი გზავნილები აგვისტოს თვეში მართლაც შემცირებულია და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ აგვისტოში საქართველოში 290.566 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 2.5%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. ივლისში კი უცხო ქვეყნიდან 298.118 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

ეროვნულ ვალუტას მერყეობა ახასიათებს ხოლმე, ამიტომ ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ თუ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის, ლარს პრობლემა არ ელის.

საბანკო სფეროს სპეციალისტს ვახტანგ ხომიზურაშვილს იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში მდგომარეობა დასტაბილურდება.

"ეროვნულ ვალუტაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. დღეს დღეისობით ეკონომიკა ძალიან სტაბილურია და სწრაფად ვითარდება. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, კურსს არაფერი არ უნდა ემუქრებოდეს, თუმცა მეორე მხრივ არსებობს სხვა მომენტები, მაგალითად ისეთი, როგორიც არის ქვეყნის იმიჯი, სანქციები, მოსალოდნელი პოლიტიკური ვნებათაღელვა და სხვა. ასეთმა სხვადასხვა გარემოებამ შესაძლოა, თავისი გავლენა მოახდინოს ინვესტორებზეც და უარყოფითად იმოქმედოს ეროვნულ ვალუტაზე და ლარი გაუფასურდეს.

საერთოდ, კურსს რყევა ახასიათებს და წინასწარ იმის თქმა არ შემიძლია, რომ ეროვნული ვალუტა მომავალშიც გაუფასურდება, თუმცა იმის იმედი მაქვს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება უახლოეს დღეებში.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკს, საერთოდ, სებ-ი რბილ ჩარევას ამჯობინებს ხოლმე. უწყებას აქვს შესაბამისი რეზერვები და თუ გამოტანა გახდება საჭირო, შესაბამის ნაბიჯს გადადგამს. ჯერჯერობით რაიმე რადიკალური არ ხდება ქვეყანაში და ჩემი აზრით, ასეთი განწყობა არც არსებობს”, - განუცხადა ხომიზურაშვილმა "რეზონანსს”.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში ეროვნული ვალუტის მკვეთრ მერყეობას არ ელოდებიან. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ არჩევნების წნეხი, ჯერჯერობით, ლარის კურსზე არ ასახულა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, მართოს მდგომარეობა, რათა ფუნდამენტური ცვლილებები არ მოხდეს. ეკონომიკური თვალსაზრისით, ექსპორტ-იმპორტის ნაწილში არ არის მკვეთრი განსხვავება წინა წლის პერიოდთან შედარებით და ვერ გეტყვით, რომ რაიმე ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი.

სეზონურობიდან გამომდინარე, შემოდგომაზე გაცვლითი კურსის მხრივ  გარკვეული ცვლილებები ხდება, რადგან ამ პერიოდში იზრდება იმპორტის ნაკადი და უფრო მეტია წნეხი... ეს არის სტანდარტული ფაქტორები, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ასე მოხდება.

ლარის არის თავისუფალ ვაჭრობაში, პირდაპირპროპორციულად მოთხოვნა-მიწოდებაზე რეაგირებს და აქედან გამომდინარე, მოლოდინი  აისახება კურსზე, მაგრამ ექსპერტები დღეს უფრო მყარად არიან ლარის კურსის პროგნოზირებასთან მიმართებით, ვიდრე 3-4 თვის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მკვეთრ რყევას არ ველოდებით“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ძნელაძემ.

ეროვნული ბანკის როლი ლარის კურსის დასტაბილურებაში მნიშვნელოვანია. მკვეთრი გაუფასურების პირობებში სებ-ს სავალუტო ბაზარზე რეზერვები გამოაქვს.  გარდა ამისა, ლარი კურსზე თავისი როლი აქვს ინფლაციას და ქვეყანაში არსებული მონეტარულ პოლიტიკას. ინფლაცია საქართველოში დაბალ ნიშნულზეა და აგვისტოში მისმა მაჩვენებელმა 1% შეადგინა. ამის მიუხედავად ეროვნულ ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არ შეარბილა და რამდენიმე დღის წინ 8%-ზე დატოვა.

ექსპერტები წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას აღარც ელიან და აცხადებენ, რომ 2024 წლის ბოლომდე იგი 8%-ზე დარჩება. სწორედ ამის საჭიროებაზე საუბრობენ 'გალტ ენდ თაგარტში” და როგორც საინვესტიციო ბანკის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი იგივე დონეზე უნდა შენარჩუნდეს.

"ქვეყანაში ხელფასების ზრდის ტემპი გრძელდება, საგარეო ბაზრებზე კი სხვადასხვა პროდუქტის ფასი მერყევია, რაზეც საქართველოა დამოკიდებული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ არის საჭიროება, განაკვეთი 8%-ის ფარგლებში დარჩეს, თუმცა არაფერია გამორიცხული, შესაძლოა, სებ-მა განსხვავებულად შეაფასოს ვითარება", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

წყარო: resonancedaily.com