სადამდე შეიძლება ჩამოვიდეს გაცვლითი კურსი და როგორი იქნება ეროვნული ვალუტის ახალი ნიშნული?

ლარის გამყარების ტენდენცია მინიმუმ თებერვლის ბოლომდე გასტანს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ლარი მომდევნო 2 თვეში, საშუალოდ, 2,65-იან ნიშნულს მიაღწევს. ყველაფერი დამოკიდებულია ფუნდამენტურ ფაქტორებზე, განსაკუთრებით კი ფულად ტრანსფერებსა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაზე, რაც საიმედოდ გამოიყურება და ეს მოცემულობა საქართველოსთვის, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაშიც შენარჩუნდება.

თუკი რეგიონში მიმდინარე ომი მსოფლიოს არაერთ ქვეყანას რეცესიის საფრთხეს უქმნის, საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენა მეტ-ნაკლებად პოზიტიურია, მით უფრო ლარის კურსზე, რომელიც ბოლო პერიოდში განუხრელად მყარდება.

წელსაც, როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ლარის გამყარების მორიგი ეტაპი გველოდება. ,,ბლუმბერგის“ პლატფორმაზე კურსი უკვე  2,68-ზეა ჩამოსული. ერთ-ერთი გავლენიანი ფინანსური ორგანიზაცია პროგნოზირებდა, რომ ლარი თავისი გამყარების პიკზე იყო და მეტად აღარ უნდა გამყარებულიყო. საუბარი იყო, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 2022 წლის ბოლოს 2,80-ის ფარგლებში იქნებოდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა, რასაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც ამყარებს.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 9 იანვარს, ერთ-ერთ კომენტარში  გაკვრით ახსენა, რომ მიმდინარე წელსაც ორნიშნასთან მიახლოებულ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

,,მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებითაც შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ ,10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. მინდა რამდენიმე მაკროეკონომიკურ პარამეტრზე შევაჩერო ყურადღება. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება იყო. წლის დასაწყისში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი 4.4 იყო, წლის ბოლოს 3.1-მდე შემცირდა, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ლარის გამყარების პოზიტიური პროგნოზი აქვთ ანალიტიკოსებსაც. ფინანსური ბაზრის მკვლევარმა ნიკა შენგელიამ ,,რეზონანსთან“ ლარის გამყარების განმაპირობებელ ფაქტორებზე კონკრეტულად ისაუბრა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ნოემბრის ბოლომდე სავალუტო ბაზრიდან 500 მილიონი დოლარი ამოიღო, კურსის გამყარების პროცესი არ შეჩერებულა. სკეპტიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ ლარის გაუფასურება დაიწყება, მაგრამ ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ვფიქრობ, თებერვლის ბოლომდე ლარი დაახლოებით 2,65-2,70-ის დიაპაზონში იმოძრავებს. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ  სავალუტო შემოდინებები დიდია. გარდა ამისა, ემიგრანტებმა  გადმორიცხვები გააორმაგეს, რასაც დაემატა კონფლიქტური რეგიონებიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულის გადმორიცხვა. ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი კი გახლავთ სწორედ მაღალი სავალუტო ნაკადები ქვეყანაში“, - განაცხადა შენგელიამ და დასძინა, რომ გაზაფხულზე მოსალოდნელ ტენდენციას განაპირობებს რეგიონში მიმდინარე საომარი სიტუაცია, რაც, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

,,რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა. გაიზარდა  იმპორტი, ასევე ფულადი ტრანზაქციები. აშკარაა, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება, ხოლო რაც უფრო მეტხანს გასტანს, რა თქმა უნდა, ფულადი შემოდინებები საქართველოში მოიმატებს.

პატარა ქვეყანა ვართ და ნებისმიერი ფინანსური აქტიურობა, ფულადი ნაკადების შემოსვლა ეკონომიკაში სერიოზულ კვალს ტოვებს. თუკი მსოფლიოში ეკონომიკურ რეცესიას ელოდებიან, ჩვენთან არავითარი მსგავსი მოსალოდნელი არ არის. ლარის კურსთან დაკავშირებული დადებითი ტენდენცია კი  მინიმუმ, თებერვლის ბოლომდე შენარჩუნდება“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ.

დღეს არსებული ფუნდამენტური ფაქტორები ლარის უპირობო გამყარებას განაპირობებს და სანამ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, სავალუტო ტენდენცია არ შეიცვლება. ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ამ მოსაზრებას სრულად იზიარებს.

,,ლარის გამყარებას და გაუფასურებას, ფაქტობრივად, ერთი და იგივე საფუძვლები აქვს. ეს არის საგარეო ვაჭრობის ბალანსი (ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა) ფულადი ტრანსფერების მოცულობა, ფუნდამენტურად ეკონომიკური ზრდის დონე და სხვა. რაც მაღალია ეკონომიკური ზრდა, მით მეტი საფუძველია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ლარი გამყარდეს, თუმცა მოკლევადიან პერიოდში კურსი დიდწილად უცხოური ვალუტის შემოდინებასა და გადინების პროცესზეა დამოკიდებული.

ბოლო პერიოდში ემიგრანტების რაოდენობა იზრდება, რის პარალელურადაც მატულობს ფულადი გზავნილები და ესეც გავლენას ახდენს ლარზე. ყველაფერი ერთად ვალუტის კურსზე მოქმედებს, შესაბამისად, რაც დაბალი იქნება ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო და რაც მეტად გაიზრდება ფულადი ტრანსფერები, დადებითად იმოქმედებს სავალუტო ბაზარზე.

გარდა ამისა, ბოლო 3 კვარტალის შედეგით, ინვესტიციები (რეინვესტირების ხარჯზე) გაიზარდა. ამას დაემატა ასევე გარედან შემოსული უცხოური კაპიტალი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ფინანსურ სექტორში, უძრავი ქონების ბაზარზე, მშენებლობის დარგში და სხვა, რაც ლარის გამყარებას განაპირობებს.

სანამ ხელშემწყობი ფაქტორები იმოქმედებს, ტენდენცია  გაგრძელდება, მაგრამ არც სწრაფი გამყარება ვარგა, ისევე როგორც სწრაფი გაუფასურება, მთავარი სტაბილურობის შენარჩუნებაა“, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

წყარო: რეზონანსი