დროებით საიმპორტო გადასახადიდან ბიუჯეტში 20 მლნ ლარზე მეტი შევიდა მოსაკრებლის სახით, - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ხორბლისა  და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისი თქმით, წისქვილების მხრიდან შექმნილია 2-თვიანი გარდამავალი მარაგები, რომელიც პარალელურად ივსება და ნებისმიერი კრიტიკული მომენტისთვის 100%-იანი დაცულობა გვაქვს.

„ამ თვეების განმავლობაში ამან მოგვცა კარგი, დადებითი და ხელშესახები ეფექტი. ეს ეფექტებია: 1. დაახლოებით 50 000 ტონაზე მეტი სასურსათო ადგილობრივი ხორბლის  მოსავლის მიღება ქართული წისქვილების მიერ. 2. ბიუჯეტში შენატანები, რომელიც აგრესიული ღვინის იმპორტის დროს საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია. 3. რეალურად სამუშაო ადგილები დაბრუნდა და 4. პურის ფასი შენარჩუნდა.

ყველაზე სერიოზული ეფექტი იყო ის, რომ ამ მოსაკრებლიდან საქართველოს ბიუჯეტში ამ ხნის განმავლობაში შევიდა 20 მლნ ლარზე მეტი მოსაკრებლის სახით და შესაბამისად სასურსათო უსაფრთხოების მხრივაც საკმაოდ დაცულები ვართ, იქიდან გამომდინარე რომ წისქვილების მხრიდან შექმნილია 2-თვიანი გარდამავალი მარაგები, რომელიც პარალელურად ივსება და ამ მხრივ 100%-იანი დაცულობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს. იმიტომ, რომ ეს მარაგები საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ კრიტიკულ მომენტში ვინიცობაა გადავერთოთ სხვა ბაზარზე და ამისთვის დრო გვაქვს და მანევრის საშუალება გვაქვს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

შეგახსენებთ, რომ დროებით საიმპორტო გადასახადი 2023 წლის 12 ივნისიდან ამოქმედდა იმპორტირებულ ფქვილზე და პროცესი პირველ მარტამდე გრძელდება და თუმცა,  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვადები უნდა გახანგრძლივდეს, რადგანაც გადასახადის დანერგვა წარმატებით მუშაობს და სექტორისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

„სამივე დარგი - წისქვილკომბინატები, მემარცვლეები (ფერმერები) და პურის მწარმოებლები კმაყოფილები არიან ამ დადგენილების მუშაობით. დადგენილება პირველ მარტამდეა და ამან ის ეფექტი მოგვცა, რომ გასაგრძელებელია“, - აცხადებს ლევან სილაგავა.