საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 60.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.85 მილიარდი ლარით, 3.15%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.00%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.57% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მარეგულირებლის ცნობით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 320.37 მილიონი ლარით, ანუ 1.13%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.10%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.53 მილიარდი ლარით, ანუ 5.03%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 4.76%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 50.33 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.10 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.17 პროცენტული პუნქტით).

ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.85% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.50%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.45%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.95% , ხოლო ევროს წილმა 19.37% შეადგინა.