აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისში გურამიშვილის გამზირზე მდებარე სს “ელმავალმშენებლის” უძრავი და მოძრავი აქტივები აუქციონზე 19 524 410.00 ლარად გაყიდა.

9 მარტს ჩანიშნულ აუქციონზე ობიექტის საწყისი ღირებულება 48 811 025 ლარს შეადგენდა თუმცა ინტერესი არავის დაუფიქსირებია და ობიექტი არ გაყიდულა. 16 მარტს ჩანიშნულ აუქციონზე საწარმოს ფასმა 4 881 102.50 ლარი შეადგინა. ობიექტი განმეორებით აუქციონზე ათჯერ ნაკლებ ფასში გამოიტანეს.

ობიექტის შეძენის სურვილი 3 სუბიექტმა დააფიქსირა და საბოლოოდ “ელმავალმშენებელი”  19 524 410.00 ლარად გაიყიდა, თუმცა ვინ იყიდა აქტივები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

აუქციონი გამოცხადებული იყო თბილისში, დავით გურამიშვილის ქუჩა N84-ში მდებარე საწარმოს ხუთ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც განთავსებულია მოძრავი ქონება:

1) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.211, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1990.00 კვ.მ;

2) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.233, საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 2286.00 კვ.მ;

3) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.213 საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფართით დაზუსტებული 1919.00 კვ.მ;

4) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.205 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ ერთსართულიან შენობა-ნაგებობას, სადაც განთავსებულია ავტოსადგომები და ადმინისტრაციული ნაგებობა. შენობის შიგნით შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის მონაცემით მიწის მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი: 460.00 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1;

5) უძრავი ქონება ს/კ 01.12.01.003.195 წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 211147,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მიწის ნაკვეთზე განთავსებულია 50 დარეგისტრირებული შენობა ნაგებობა. მიწის ნაკვეთზე ასევე განლაგებულია შენობა ნაგებობები, რომლებიც საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდება, კერძოდ: დაურეგისტრირებელი რკინის ნაგებობა (კონსტრუქცია), რომელიც წარმოადგენს ქვიშის სამრეცხაოს. მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია დაურეგისტრირებელი შენობა ნაგებობა რომელიც წარმოადგენს ტრანსფორმატორის ნაგებობას. ასევე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ერთსართულიანი დაურეგისტრირებელი შენობა-ნაგებობები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი.