უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, - ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშევმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი სატრანზიტო ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის ბოლომდეა.

ჩერნიშევის განმარტებით, უკრაინა დღემდე აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ის სჭირდებათ.

მისი თქმით, ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპა დაკარგავს მიწოდებას. თუმცა, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მთლიანად უარს იტყვის რუსული გაზის მოხმარებაზე 2027 წლამდე და უკრაინა დაინტერესებულია, რომ ევროკავშირს ამაში მხარი დაუჭიროს.

ალექსეი ჩერნიშევის განცხადებით, ბუნებრივი გაზის მარაგებით უკრაინა ევროპაში მესამე ადგილზეა და აპირებს საკუთარი მოპოვების გაზრდას, რათა მომდევნო წლებში წმინდა ექსპორტიორის როლს მიაღწიოს.