ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთში ღვინისა და შამპანურის მიწოდება 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 31 იანვრამდე, 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37,2%-ით შეამცირეს. ამის შესახებ ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სავაჭრო სტატისტიკურ მონაცემებში წერია.

კერძოდ, საუბარია კალენდარული წლის პერიოდზე, რომლის დროსაც საქონლის გარკვეული ასორტიმენტის რეალიზაცია ხდება, რაც ღვინისთვის აგვისტოში იწყება და მომდევნო წლის ივლისში მთავრდება. მარკეტინგული წლის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს 1,19 მლნ ჰექტოლიტრი (ჰლ) ღვინო მიაწოდეს (1 ჰლ=100 ლიტრი), რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.


მიწოდების ვარდნას ხუთწლიანი ზრდა უძღოდა წინ, წინა სეზონი კი რეკორდულიც იყო. კერძოდ, 2022/23 მარკეტინგული წლის პირველ ნახევარში ევროკავშირიდან რუსეთში 1,9 მლნ ჰლ ღვინო და შამპანური შევიდა, რაც ერთი წლის წინანდელ პერიოდზე 36%-ით მეტია.

ევროკავშირიდან რუსეთში ღვინის მიწოდების წამყვანი ქვეყნები არ შეცვლილა და, თითქმის, ყველა მათგანის მოცულობა დაეცა. კერძოდ, უმსხვილესმა იმპორტიორმა, ლატვიამ მიწოდება 44,3%-ით, 368,3 ათასი ჰლ ღვინომდე შეამცირა. ლიეტუვიდან რუსეთში ექსპორტი 32,3%-ით, 299,1 ათასი ჰლ-მდე, ხოლო იტალიიდან 29,5%-ით, 295,5 ათას ჰლ-მდე შემცირდა.

რეიტინგის ტოპ 10-ეული ასეთია:

(2023/24 წლის აგვისტო-იანვრის დინამიკა)

  • ლატვია - 368,3 ათასი ჰლ (-443%)
  • ლიეტუვა - 299,1 ათასი ჰლ (-32,3%)
  • იტალია - 295,5 ათასი ჰლ (-29.5%)
  • პოლონეთი - 75,3 ათასი ჰლ (+21,3%)
  • ესპანეთი - 50,2 ათასი ჰლ (-66,7%)
  • გერმანია - 43,5 ათასი ჰლ (-25,2%)
  • პორტუგალია - 33,8 ათასი ჰლ (-6,7%)
  • საფრანგეთი - 12,7 ათასი ჰლ (-66,4%)
  • ავსტრია - 3,6 ათასი ჰლ (-38,1%)
  • ბულგარეთი - 3,2 ათასი ჰლ (-52,4%)


ღვინის სავაჭრო რუსული კომპანია Fort-ის შეფასებით, ეს სტატისტიკა 2023 წლის 1 აგვისტოდან არამეგობრული ქვეყნებიდან ღვინოზე საბაჟო გადასახადის გაზრდის შემდეგ შექმნილ რეალურ სურათს ასახავს. კერძოდ, თუ 2023 წლის კალენდარული შედეგების მიხედვით ღვინის იმპორტი წლიდან წლამდე, მოცულობითი თვალსაზრისით, დაახლოებით, 3-5%-ით გაიზარდა და წლის პირველი ნახევრის დადებითი დინამიკა, დაახლოებით, 50%-ს შეადგენდა, 2023 წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 40%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.


რაც შეეხება პოლონეთს, რომელმაც ტოპ-10-ეულში მიწოდების 21,3%-იანი ზრდა ერთადერთმა აჩვენა, ალკოჰოლის რუსი იმპორტიორები ამას შემდეგ ფაქტორს უკავშირებენ: პოლონეთში, პარალელური იმპორტის ფარგლებში, რუსეთში საბოლოო გადაზიდვამდე სხვადასხვა ქვეყნიდან შეტანილი ღვინის კონცენტრირება ხდება. მაგალითად, ფრანგულ Moet & Chandon-ს რუსეთში შამპანური ამ გზით შეაქვს.


Fort-ის მონაცემებით, რუსეთში ღვინის იმპორტი ყველაზე აქტიურად არგენტინიდან, ჩილედან და სამხრეთ აფრიკიდან იზრდება, რომლებზეც გაზრდილი საბაჟო გადასახადი არ ვრცელდება, თუმცა ლიდერები რუსეთთან შედარებით ლოიალური ქვეყნები, საქართველო და იტალიაა. კერძოდ, საცალო ვაჭრობის რუსულ ქსელ X5 Group-მა 2023 წელს ღვინის მარაგი 9%-ით, 40 მლნ ლიტრამდე გაზარდა, რაშიც ძირითადი, ანუ სათითაოდ 25%-იანი წილი საქართველოს და იტალიიას უკავია. ეს წინა წელთან შედარებით საქართველოდან იმპორტის 33%-იანი, იტალიიდან კი 18%-იაინი ზრდაა.

 


წყარო: BPN.GE