საქართველოში საწვავის ფასი ისევ იმატებს. როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირი განმარტავს, ამის მიზეზი რუსული საწვავის დეფიციტია, რაც მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის გათვალისწინებით, ფასზეც აისახა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენით გაუძვირდა საქართველოს რუსული საწვავი ბოლო 3 თვის განმავლობაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში, ივლისთან შედარებით 1 ლიტრი საწვავის იმპორტი 0,07 დოლარით გაძვირდა, ივნისთან შედარებით კი 0,09 დოლარით.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის აგვისტოში საქართველომ 69 257 ტონა რუსულ საწვავში 51 700 940 აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის, რომ ქვეყანას 1 ტონა პროდუქტი 746,5 აშშ დოლარი, შესაბამისად, 1 ლიტრი 0,75 დოლარი დაუჯდა.

2023 წლის ივლისში რუსეთიდან 91,118 ტონა (62 437 620 აშშ დოლარი) საწვავის იმპორტი განხორციელდა, შესაბამისად, ქვეყანამ 1 ტონა საწვავში 685,2 აშშ დოლარი, 1 ლიტრში კი 0,68 დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ივნისის მაჩვენებლებს, საქართველოში 85,945 ტონა (57 316 050) რუსული საწვავი შემოვიდა, გამოდის, რომ ქვეყანამ 1 ტონა პროდუქტში 666,8 აშშ დოლარი, შესაბამისად, 1 ლიტრში 0,66 დოლარი გადაიხადა.

შენიშვნა, ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე.

ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტზე, შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, დროებით შეზღუდვა შემოიღო. როგორც რუსული მედია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა, მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა.

BPN.GE