რა უნდა გავითვალისწინოთ ბუნებრივი აირის მოხმარებისას უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად – ამ საკითხთან დაკავშირებით ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში ისაუბრა.

ვარდიაშვილის რეკომენდაციით, აუცილებელია, სპეციალისტები, გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლები მონიტორინგზე დავუშვათ და გაზის შიდა ქსელი სრულყოფილად შევამოწმებინოთ. ასევე, მისი თქმით, აბონენტები უნდა მიეჩვიონ იმას, რომ დახურული სივრცეები რამდენჯერმე გაანიავონ და ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში შესაბამის საავარიო სამსახურს დაურეკონ.

“ცივი სეზონის დადგომისთანავე ჩვენ მომხმარებლებისთვის მთელი რიგი რეკომენდაციების გაწევას ვიწყებთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გაზთან მიმართებით. გაზი ძალიან საშიში ნივთიერებაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ალბათ, ერთ-ერთი პირველ ადგილზე მდგომი საშიში ნივთიერებაა და მასთან საფრთხილო მოპყრობა აუცილებელია, უნდა ვიცოდეთ, როგორ მივუდგეთ საკუთარ სახლში არსებულ გაზის დანადგარებს და შიდა ქსელს ისე, რომ ცხოვრება უსაფრთხოდ გავატაროთ.

პირველ ყოვლისა, ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია კომპანიების გადაწყვეტილება, რაც იმას გულისხმობს, რომ სრულიად უფასოდ შეამოწმონ ნებისმიერი ზარი, რომელიც საავარიო სამსახურში შევა, მივიდნენ და ადგილზე გადაამოწმონ ის სიტუაცია, რაზეც აბონენტი საუბრობს. კომპანიებს აქვთ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ მაინც (თუ, რა თქმა უნდა, რაიმე საეჭვო სიტუაციას არ აქვს ადგილი) მივიდნენ და ტექნიკურად გადაამოწმონ, რა მდგომარეობაშია შიდა ქსელი. ამას კომპანია აკეთებს, მაგრამ აბონენტის მოთხოვნის შეთხვევაში ეს მეორეჯერაც შეიძლება, აბსოლუტურად უსასყიდლოდ მოხდეს.

რაც შეეხება თავად ჩვენს პასუხისმგებლობას: შესაძლოა, მე ჩემი ქსელის შესწავლა უფრო ღრმად მინდოდეს, ჩვევაში მივიღოთ, რომ ვიდრე ჩვენს გამათბობელს ჩავრთათ, სპეციალისტი მოვიყვანოთ და შევამოწმებინოთ, ხომ არ არის გასაწმენდი, ხომ არ გამოდის მწყობრიდან.

მეორე, რაც მხედველობაში უცილებლად უნდა მივიღოთ: სპეციალისტები, კომპანიის წარმომადგენლები მონიტორინგზე უნდა დავუშვათ და ქსელი სრულყოფილად შევამოწმებინოთ, მათი რეკომენდაციები მივიღოთ.
უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ დახურული სივრცეები რამდენჯერმე გავანიავოთ. თუ ჩვევაში მივიღებთ, რომ პატარა ღიობი სახლში მუდმივად გადმოხსნილი იქნება, ეს ყველანაირ უბედურებას აგვარიდებს თავიდან.

ასევე, ჩვენივე ინიციატივით დეტექტორების დამონტაჟებს უნდა მივმართოთ, ახალ კორპუსებში ეს თავად კომპანიის მიერ ხდება.
როდესაც გარეთ მთელი დღის განმავლობაში გავდივართ, გადავამოწმოთ, ონკანები, ან რაიმე დანადგარი ღია მდგომარეობაში ხომ არ არის. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში შესაბამის საავარიო სამსახურს უნდა დავურეკოთ. თუ სუნი გვცემს, დახურული სივრცე მაშინვე უნდა გავანიავოთ, აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ ის და თუ საფრთხე არსებობს, მეზობლები გავაფრთხილოთ, შესაბამის სამსახურში ზარი უნდა განვახორციელოთ. ყველა ეს ღონისძიება სერიოზულ ტრაგედიებს აგვარიდებს თავიდან”, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

ენერგოომბუდსმენმა უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვითარება გამოსწორებულია.

“წინა წლებთან შედარებით, ბოლო 2-3 წელია, მშვიდი ზამთარი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ინციდენტები იყო და ნამდვილად ვერ დავმშვიდდებით, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ საშიში მდგომარეობა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. დედაქალაქზე რომ ვისაუბროთ – განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა დედაქალაქში იყო, კომპანიამ, რასაც ჰქვია, მუხლჩაუხრელად იმუშავა იმისთვის, რომ “მკვლელი დანადგარები”, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა, ფაქტობრივად, 95 %-ით მაინც ამოეღო. რა თქმა უნდა, ამის სრულყოფილად ამოწურვის შესაძლებლობა არ არსებობს, ერთია რომ რეციდივს აქვს ხოლმე ადგილი, უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც დანადგარი სახლიდან გავიტანეთ, დაუშვებელია, ის საკუთარი ნებით უკან დავაბრუნოთ.

ახალი კორპუსები შედარებით უფრო წესებით დაცვით შენდება, იქ ნამდვილად შიდა დაქსელვის სპეციალისტები მუშაობენ. ადრე, წლების წინ ყველაფერი მეზობელზე, ან ხელოსანზე იყო დამოკიდებული, რომელმაც ყველაფერი “იცოდა” და სახლში ყველაფერს გააკეთებდა. ეს ვითარება გამოსწორდა, მთელი რიგი “მკვლელი დანადგარები” ამოვიღეთ, რომ ვთქვა, ისევ ისეთი სავალალო მდგომარეობაა, ასე არაა. მთელი რიგი მიზეზები შეიძლება, ჰქონდეს იმას, რომ უბედურება მოხდეს. ერთი შეიძლება, კომპანიის, სპეციალისტების უყურადღებობა იყოს, ასევე, მომხმარებლის დიდი დაუდევრობაც. ასე რომ, ყველა ყურადღებით უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ვარდიაშვილმა.