პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც განიმარტება, თამბაქოს წარმოების დეფინიცია.

„კანონის პროექტით თამბაქოს მწარმოებლად განისაზღვრება შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმით განსაზღვრულ საქმიანობებს და პასუხს აგებს კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.