თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზის მიხედვით, დეკემბერში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, მცირე, მაგრამ ყოველთვიური დეფლაციაა მოსალოდნელი.

საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ ყოველთვიური ინფლაციის დინამიკა მაინც მნიშვნელოვან დასტაბილურებას აჩვენებს, რაც ეტაპობრივად წლიურ ინფლაციაშიც აისახება.

"მსოფლიოში ყველგან, მაღალი ინფლაციის წელია. იმ სამწუხარო ტრაგედიამ, რაც უკრაინაში ხდება, ეს პროცესი კიდევ უფრო გაამძაფრა. საკრედიტო აქტივობები შენელებულია, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული. იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია საკმაოდ ნელა მცირდება, მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ინფლაცია საკმაოდ აგრესიულად შემცირდება.

ახლაც თუ შევხედავთ, ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად დაეცა. არაერთ სასაქონლო პროდუქტზე ფიქსირდება ფასების შემცირება, მაგალითად, ნავთობპროდუქტებზე, ზეთზე. საქართველო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის თვალსაზრისით უკვე პიკზეა.

ვფიქრობთ, პირველი შემცირება მარტშია მოსალოდნელი და შეიძლება, რომ დღევანდელი 11%-დან თითქმის 9%-მდე შემცირდეს მომდევნო 1 წლის განმავლობაში. ბაზრის მონაწილეთა მოლოდინებიც ასეთია",- განაცხადა გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2"-თან თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ.