თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2025 წელს სასტუმროების ჰაბის მშენებლობა დასრულდება. „ცენტრალ პარკ თაუერსი“, 1500 ნომრიანი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების ჰაბი იქნება, რომელიც 400 ავტომანქანაზე გათვლილ 3 მიწისქვეშა საპარკინგე სართულს მოიცავს. როგორც კომპანიებში აცხადებენ, „ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტი მსოფლიოს წამყვან პრემიუმ კლასის ბრენდებს გააერთიანებს.
პროექტის დასრულების შემდეგ რა პრობლემების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს აღნიშნული ტერიტორია საგზაო მოძრაობის კუთხით და რამდენად შეძლებს დიდი რაოდენობის ნაკადების გატარებას არსებული ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ „კომერსანტთან“ სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე ამბობს, რომ კონკრეტულ მონაკვეთზე ყოველდღიურად ისედაც გადატვირთული მოძრაობა და საგზაო კოლაფსია, გეგმაში კი რამდენიმე დიდი პროექტი უკვე არსებობს, ამიტომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მიიღოს სატრანსპორტო ნაკადები ასეთმა გრანდიოზულმა შენობებმა, განსაკუთრებით პიკის საათებში. მისი თქმით, ქალაქის ცენტრში, სადაც ისედაც პარალიზებულია საგზაო მოძრაობა, დიდი სასტუმროების ქსელის მშენებლობა არასწორია.
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი ირაკლი იზორია განმარტავს, რომ ხშირია შემთხვევები როდესაც მსხვილი პროექტები ხორციელდება და არ არის გათვალისწინებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ფაქტობრივად ტროტუარებზე ხდება ავტომანქანების გაჩერება, გზა არის გადატვირთული და საპარკინგე ადგილებზე არასწორი პარკირება შეინიშნება, რაც ძალიან დიდ ქაოსს და პრობლემებს ქმნის. მისი თქმით, იმის შანსი, რომ ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების სტუმრები ძირითადად ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ უფრო მაღალია, შესაბამისად საავტომობილო გადაადგილების მხრივ პრობლემები გარდაუვალია.
„ცენტრალ პარკ თაუერსი“ 300 მილიონი დოლარის საინვესტიციო ღირებულების 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. კომპანიის ინფორმაციით, 140 000 კვადრატული მეტრის ფართობის მეგა რეზორტში დაგეგმილია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson Blu-ს, ასევე ცნობილი რესტორნების Chotto Matte-ს და Beefbar-ს გახსნა.
„პროექტი შედგება ორი 42 სართულიანი თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 3 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი.
მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება საქართველოში პირველი მაღალი კლასის ბრენდების შოპინგ მოლი და ყველაზე დიდი კაზინო. ამავე სივრცეში იქნება ინტეგრირებული რეგიონში ყველაზე მასშტაბური ივენთ ჰოლი. კომპლექსში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი, პრემიუმ-კლასის ღია და დახურული აუზებითა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრით.
Central Park Towers-ში თავმოყრილი იქნება Fine Dining-ის 7 პრემიუმ რესტორანი. თაუერის ბოლო სართულზე განთავსდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული პენტჰაუსები“, - აცხადებენ კომპანიაში.
commersant.ge
მშენებლობა მიმდინარე ეტაპზე
დასრულებული მშენებლობის პროექტი