ეკონომისტმა ოთარ ანგურიძე, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს აფასებს რომლის მიხედვითაც სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $324 მილიონით გაიზარდა.
,,სავსებით მოსალოდნელი იყო რომ გაიზრდებოდა ეროვნული რეზერვები, ჩვენ გვქონდა ოქტომბრის თვეში მცირე ხარჯვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეკონომიკა იზრდებოდა და ზრდა ჩვენს ეკონომიკას არ შეუწყვეტია, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებლობა მიეცემოდა ეროვნულ ბანკს რომ კვლავ შეევსო ეს რეზერვები. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მაშინ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი იყო, რომლებიც ნეგატიურად აფასებდნენ ამ ფაქტს და დიდი შეტევა განხორციელდა მაშინ ეროვნულ ბანკის მიმართ თუმცა, დღეს უკვე ვხედავთ, რომ როდესაც დასტაბილურდა უკვე სიტუაცია, პოლიტიკური პროცესებიც ჩადგა კალაპოტში და ეკონომიკა განაგრძობს განვითარებას, ამას ჩვენ ვხედავთ იმ ციფრებში, რომელსაც პერიოდულად საქსტატი გვაწვდის, გაზრდილია ქვეყანაში ექსპორტიც, იმპორტიც, ზოგადად საგარეო ვაჭრობა არის გაზრდილი, ტურისტების ნაკადები იწყებს მცირე პაუზის შემდეგ, რაც დაკავშირებული იყო ქუჩის აქციებთან უკვე იწყებს ტურისტული ნაკადები კვლავინდებურად ზრდას, ეს უკვე აძლევს ეროვნულ ბანკს საშუალებას დამშვიდებული პოლიტიკური პროცესებისა და ეკონომიკის ზრდის კვალობაზე კვლავ მოახდინოს ეროვნული რეზერვების შევსება. რაც ჩვენ დღეს ოფიციალური ინფორმაციის სახით ვიხილეთ, სწორედ აღნიშნულის დადასტურებაა“, - აღნიშნა ანგურიძემ.
ეკონომისტმა ისაუბრა სავალუტო ინტერვენციების მნიშვნელობაზე, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი თავისი მანდატის შესაბამისად, როდესაც ფლობს სავალუტო რეზერვებს, ვალდებულია ჩაერიოს და შეინარჩუნოს ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში.
,,როდესაც ეკონომიკა აძლევს ეროვნულ ბანკს ამის საშუალებას, მან უნდა შეავსოს რეზერვები - სებ-მა ეკონომიკისა და რეზერვების მოძრაობა უნდა აკონტროლოს ძალიან მაღალ დონეზე, ჩვენ ვხედავთ რომ ეს ასეც ხდება - ეროვნული რეზერვების მართვა საკმაოდ კარგად და მიზანმიმართულად ხორციელდება. რეზერვები რისთვისაა? ერთი არის იმისათვის, რომ ქვეყანას ქონდეს ეროვნული რეზერვი და მეორეა ის გამოიყენოს მაშინ როდესაც ქვეყანას ეს სჭირდება. ეს შეიძლება იყოს ლარის კურსის სტაბილურობა, ეს შეიძლება იყოს ზოგადად ფასების სტაბილურობა, რაც ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა და პრიორიტეტია კანონმდებლობით განსაზღვრული და როდესაც ფასებს ექმნება საფრთხე და შესაბამისად, ვალუტის კურსს რატომ არ უნდა მოახდინოს სებ-მა რეზერვების ხარჯვა გაუგებარია. მით უმეტეს როდესაც საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია კვლავინდებურად ამ რეზერვების შევსება - ანუ რაღაც დროს როცა მას დასჭირდება გაყიდის და რაღაც დროს როცა მას დასჭირდება პირიქით იყიდის. დღეს დადგა პერიოდი როდესაც ეროვნული ბანკი ყიდულობს რეზერვებს, თუმცა ვნახავთ რომ არავინ არ შეიმჩნევს და ისე ჩაივლის ეს ყველაფერი, რადგან ვიღაცებს არ აწყობთ ამის გაფეტიშება, რადგან როდესაც ეროვნული ბანკი ავსებს რეზერვებს ეს რეპუტაციულად კარგად მოქმედებს და შესაბამისად ამაზე არავინ არ გაამახვილებს ყურადღებას, ეს არ აწყობთ - ეს ფაქტია როდესაც ეროვნული ბანკი ავსებს რეზერვებს, ის მოწოდების სიმაღლეზეა. მე დარწმუნებული ვარ მიმდინარე წელს იქნება კარგი ეკონომიკური ზრდა, რაც მისცემს სებ-ს შესაძლებლობას კიდევ არაერთხელ შეავსოს და უფრო გაზარდოს რეზერვები“, - განმარტავს ოთარ ანგურიძე.