2021-2023 წლებში ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,3% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მან დეპუტატებს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებად არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება მომდევნო წლებში, როგორც გასულ პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს განხორციელდეს ყველა ის რეფორმა და ინიციატივა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში.

ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაშია ასახული.

ამასთან ერთად, ყურადღება გაამახვილა გასული ოთხი წლის მანძილზე დაფიქსირებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მისი თქმით, 2021-2023 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,8% შეადგინა.

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა და 2023 წელს, 80 მილიარდ 882 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 2024 წელსაც. განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 9,0%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ის 9,3%-ამდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ის 2,5%-ის დონეზეა. მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60-პროცენტიანი ნიშნულიდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ის 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მას შემდგომ გრძელდება მისი შემცირების დინამიკა“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან განაცხადა, მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის თავდაპირველი მოცულობა 7 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა, ხოლო უკვე პარლამენტში წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებებით დამატებით 1 მილიარდ ლარზე მეტით იზრდება.