შალვა პაპუაშვილის განცხადებას დიდი დაპირისპირება მოჰყვა
საქართველო კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველაზე მეტად არის მზად, მაგრამ ხელისუფლებაში ითქვა, რომ დღეს ბლოკში გაერთიანება ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ ზიანს მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ეკონომისტთა ნაწილი ამ მოსაზრებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არა ევროკავშირის წევრობა, არამედ ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს მიანიჭეს. როგორც მაშინ ითქვა, ქვეყანას რიგი ღონისძიებები აქვს გასატარებელი იმისათვის, რომ საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ახლა კი როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ევროკავშირის წევრობა ბევრ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების და უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს, ეკონომიკურად კი რამდენიმე სექტორს დააზარალებს.
"ევროკავშირის წევრი დღეს რომ გავხდეთ, იცით რამდენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმება მოგვიწევს? რომლებიც დადებული გვაქვს, თუნდაც ჩინეთთან და ბევრ ქვეყანასთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან... ამ ყველაფრის გაუქმება მოგვიწევს. უვიზო მიმოსვლის გაუქმება იცით რამდენ ქვეყანასთან მოგვიწევს? ვიქნებით შენგენის სივრცის ნაწილი და, საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, რომ შევლენ შენგენის ტერიტორიაზე. ვისთანაც არ აქვს ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა, მათ საქართველოში ვერ შემოვუშვებთ ჩვენ... აბა, შეხედეთ ღვინის სექტორს, დღესვე რომ გავწევრიანდეთ ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა.
ევროკავშირმა კარგად იცის, როდისაა ქვეყანა მზად გაწევრიანებისთვის და ყველაზე დიდი არაკეთილსინდისიერებაა, რომ ამბობენ, ჩვენი კარი ღიაა და მობრძანდითო, ქართველ ხალხს ამის განჭვრეტა შეუძლია, ასეთ კარგაღებულ ნატოსთან ვდგავართ ამდენი წელია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ იმ მომენტში გავხდეთ ევროკავშირის წევრი, როცა ამით ჩვენ მოვიგებთ და არა წავაგებთ, დღეს რომ გავხდეთ წევრი, რეგულაციებით ჩვენს ეკონომიკას დავანგრევთ", - განაცხადა "რუსთავი 2”-თან პაპუაშვილმა.
ხელისუფლებაში იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს დღეს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით გამოწვევა ბევრი მიმართულებით ექნება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბევრი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა, საწყის ეტაპზე, ეკონომიკური კუთხით პრობლემებს განიცდიდა.
ეკონომისტთა აზრი განსხვავებულია. მათი ნაწილი მთავრობის პოზიციას ეთანხმება. როგორც ანალიტიკოსმა ირაკლი გოგავამ აღნიშნა, ნებისმიერი საერთაშორისო გაერთიანების წევრობა, ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტის უფრო მეტად დათმობას გულისხმობს.
"საქართველოს ინტერესებში არ შედის, რომ მივეჯაჭვოთ რომელიმე ეკონომიურ ინტეგრაციულ ერთობას. ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი ყველა ეკონომიკურ ცენტრთან და დიდ ქვეყანასთან სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება იქნება. ცნობილია, რომ ევროკავშირის პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე დასავლეთ ევროპული ქვეყნების გამდიდრებას ემსახურება. საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, სკანდინავიის სახელმწიფოები, შვეიცარია და სხვები ბუნებრივ რესურსებს, კვალიფიციურ კადრებს და იაფ მუშახელს სწორედ აღმოსავლეთ ევროპიდან, სამეზობლოდან და ყოფილი კოლონიებიდან „ქაჩავენ“.
ევროკავშირმა საქართველოს ეს მოდელი დიდი ხანია მოარგო და შედეგად ჩვენი ქვეყნის კოლონიალური ექსპლუატაცია აქტიურად მიმდინარეობს. მათ ჩვენგან გააქვთ: ოქრო, სპილენძი, ხე-ტყე, მანგანუმი, დიატომიტი, ფერადი ლითონები და სხვა რესურსი. იწვევენ ჩვენს ხალხს იაფ მუშახელად და ევროპის ეკონომიკაში მესამედ ფასში ამუშავებენ. სანაცვლოდ კი შემოაქვთ საკუთარი სამრეწველო პროდუქცია ყოველგვარი საბაჟო ტარიფების გარეშე. ევროპა ჩვენთან ვაჭრობაში წელიწადში 3 მილიარდ აშშ დოლარს გვიგებს. „ფორდ-კრაისლერის“ ლეგენდარული ტოპ-მენეჯერი ლი იაკოკა ამბობდა: „ქვეყანა, რომელიც ყიდის ბუნებრივ რესურსებს და სანაცვლოდ ყიდულობს სამრეწველო საქონელს - კოლონიაა“.
გარდა ამისა, შევხედოთ ბულგარეთს და რუმინეთს. ეს ქვეყნები ევროკავშირში უკვე 17 წელი არიან და იქ სიღარიბის დონე საქართველოზე მაღალია. რუმინეთში და ბულგარეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 22% ცხოვრობს, ხოლო საქართველოში 15%-ზე ნაკლები. საქართველოს გაცილებით მეტი წარმატების და განვითარების მიღწევა შეუძლია მეგა ინტეგრაციულ პროექტებში მონაწილეობის გარეშეც.
უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გაერთიანების წევრობა, ისედაც შეზღუდული სუვერენიტეტის უფრო მეტად დათმობას გულისხმობს. მაგალითად ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო პოლიტიკას, საბაჟო ტარიფებს მთლიანად ბრიუსელი უხელმძღვანელებს. ასევე ბრიუსელის გამგებლობაში გადავა ენერგეტიკული პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, მრეწველობა და ბევრი სხვა დარგი. იქ არის სფეროები, რომელსაც ბრიუსელი წყვეტს შენს ნაცვლად, შერეული პასუხისმგებლობის და ნაციონალური უფლებამოსილების თემები.
ევროკავშირის წევრობა მკაფიოდ გულისხმობს ყველა არაევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს უშუალო მეზობლებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, რუსეთი, უკრაინა) სავაჭრო რეჟიმების შეცვლას, სადაც ბრიუსელი იმპორტზე თავის ტარიფებს დააწესებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ამ ქვეყნების მხრიდან ქართულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების სარკისებური ზრდა. ეს კი, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს. იგივე ეხება ჩინეთთან, შუა აზიასთან, ყაზახეთთან, ინდოეთთან ვაჭრობას”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი გოგავამ.
ეკონომისტთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს საქართველოს, ვიდრე ზარალს. მთავრობის მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და მიიჩნევს, რომ საერთოდ გაუგებარია რა შუაშია ღვინო და რატომ უნდა შეექმნას მის ექსპორტს პრობლემა.
"ამ მოსაზრებას კრიტიკულად ვერ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, ევროკავშირი, სხვადასხვა მიმართულება, გარკვეული სახის ვალდებულებას გვაკისრებს, რასაც წლების განმავლობაში ვასრულებდით კიდეც, მაგრამ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ შეიძლება უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემები შეგვიქმნას, ვიდრე აქედან დივიდენდებს მივიღებთ, კრიტიკულად არ ვეთანხმები. ეს ასე ნამდვილად არ არის.
რაც შეეხება ღვინის ნაწილს, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია რა შუაშია ღვინო და რატომ უნდა შეექმნას მის ექსპორტს პრობლემა. ჯერ ერთი, ახლაც გადის ევროპაში ქართული ღვინო და თუ ევროკავშირის წევრი გავხდებით, ისინი არ გვიკრძალავენ, რომ ჩვენ სხვა ბაზრებზეც გავიტანოთ ღვინო. ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას რუსეთში ღვინო ახლაც გააქვს ექსპორტზე.
საბოლოო ჯამში, არ ვიზიარებ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად ჩვენთვის მომგებიანი არ იქნება. პირიქით, ამ ბლოკთან გაერთიანება ეკონომიკურად ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაგვიჩენს”, - განუცხადა ბაირახტარმა "რეზონანსს”.
დაახლოებით იგივე მოსაზრება აქვს ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილს, მისთვის გაუგებარია, თუ აქამდე ევროკავშირში ინტეგრაცია ეკონომიკური სტაბილურობისთვის გვჭირდება და ახლა რატომ აღმოჩნდა, რომ გაწევრიანება ეკონომიკურად დაგვაზარალებს.
"თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებით ეკონომიკურად დაზარალდება, მაშინ რატომ ცხოვრობენ ამ ბლოკის წევრი ქვეყნები ჩვენზე 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ და 5-ჯერ უკეთესად? თუ ევროკავშირში ინტეგრაცია ეკონომიკურად დაგვაზარალებს, რატომ ვართ ჩვენ ღარიბები და ისინი რატომ არიან მდიდრები?
ევროკავშირში გაწევრიანებით, საწყის ეტაპზე, უამრავი დახმარებებია. ახალ წევრ სახელმწიფოებში დიდი რაოდენობით თანხები მიედინება, ეკონომიკის განვითარებისთვის. იგივე პოლონეთი, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ განვითარებად ქვეყანას ითვლება, სწორედ ევროკავშირის დახმარებების შედეგად მოხდა. მოლდოვა იღებს 2 მილიარდ ევროს, იმის გამო, რომ მოლაპარაკებებზე გადავიდა ევროკავშირთან. ჩვენი ეკონომიკა რაიმე ასეთი სახის დახმარებას იღებს?
საერთოდ, როდესმე თუ მივხვდებით იმას, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არაფერი კარგის მომტანი არ არის. ჩვენ, ღარიბ ქვეყანას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს თუნდაც ჩინეთთან. ამის გაკეთება უბრალოდ სიგიჟეა. 20 წელიწადია რაღაც პოლიტიკას ვატარებთ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ვაფორმებთ ჩვენზე ძლიერ ქვეყნებთან, რომელთა პროდუქციამ, იმპორტმა, წალეკა ეს ქვეყანა. ამის შედეგად კი, ჩვენი ადგილობრივი წარმოება ძალიან სუსტია, უმუშევრობა მაღალია, ემიგრაცია მზარდია და ამაზე ვამბობთ, რომ კარგია. ინდოეთთანაც რომ გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ესეც კარგი იქნება? არაფერი კარგი არ მოგვიტანა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა და ამ თემას კიდევ ისე მოვიხსენიებთ, რომ, თითქოს, რაღაც კარგ მივაღწიეთ და არ უნდა დავკარგოთ.
აქამდე სულ იმაზე ვსაუბრობდით, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ეკონომიკური სტაბილურობისთვის გვინდა და ახლა შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ გაწევრიანება ეკონომიკურად დაგვაზარალებს, ანუ აღარ შევიდეთ ევროკავშირში და ამ მიმართულებით აღარ უნდა ვისწრაფოდეთ?” - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას ჯანიაშვილმა.
წყარო: resonancedaily.com