კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 804.66 მილიონი ლარით (1.27%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.71%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 64.21 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ  ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მარეგულირებლის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15.55% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 365.16 მლნ ლარით (1.01%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 439.50 მლნ ლარით (1.61%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.32%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.73 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.09%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 18.56 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.88%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.66 %-ით მეტი).

2025 წლის აპრილის განმავლობაში 1.34%-ით, ანუ 433.72 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 32.90 მილიარდი ლარი შეადგინა.

2025 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.75% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.144 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.17 პროცენტული პუნქტით).