რუსეთთან ცალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც არაფრით არ ბალანსდებოდა, არ იყო ჩვენთვის ხელსაყრელი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას დავით უსუფაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთში ექსპორტის წილის ზრდას ეხებოდა.

ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთი დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანა ბევრი ქართული პროდუქტისთვის ტრადიციული ბაზარია.

„რუსეთთან მიმართებით ექსპორტის წილი 9%-დან 20%-მდე გაიზარდა. თქვენ გახსოვთ, რომ 2013 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი საერთოდ არ ხორციელდებოდა, საქართველო იყო დაკეტილი, შემდგომ ეტაპობრივად დავიწყეთ რუსეთის ბაზარზე წვდომა, მოვახდინეთ სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროდუქციის დაშვება და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის იყო მნიშვნელოვანი შედეგი. როდესაც საქართველო რუსეთში არ ყიდდა არაფერს, საქართველო რუსეთიდან ყიდულობდა ყველაფერს, ცალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა, ჩვენ გვქონდა იმპორტი, რომელიც არაფრით არ ბალანსდებოდა, არ იყო ჩვენთვის ხელსაყრელი მდგომარეობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა გასულ წელს ევროკავშირში ექსპორტის შემცირებაზეც გააკეთა კომენტარი, თუმცა მისი თქმით, თუ 2014 წელს 2023 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ევროპაში ექსპორტი 41%-ითაა გაზრდილი.

„ეს მნიშვნელოვანი ზრდაა, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში დაახლოებით 700 მლნ დოლარამდეა. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს ექსპორტი, თუმცა ამას ბევრი ობიექტური საფუძველი გააჩნია. ეს არის შესაძლებლობების განვითარება, რომელიც ქვეყანაში უნდა მოხდეს სამეწარმეო კუთხით და მეტი გაყიდვადი და ექსპორტირებადი პროდუქტი უნდა იწარმოებოდეს ქვეყანაში. ასევე, ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას უნდა გვაძლევდეს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გვქონდეს სრული წვდომა“, - განაცხადა დავითაშვილმა.