საქართველოს სავაჭრო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, ბიზნეს სახლის დამფუძნებელი, ბექა მიქაბერიძე, შემოდგომის ფაზის რიგით 136-ე კანტონის გამოფენის ფარგლებში, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრს, ვანგ შოუვენს შეხვდა.

მან ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრს გააცნო საქართველო, როგორც მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა და აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი უვიზო ტურისტული მიმოსვლა, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ცალსახად იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ჩინეთისთვის საქართველო განიხილებოდეს უამრავი სხვადასხვა პროდუქციის წარმოების ჰაბად.

„სამომავლოდ კარგი იქნება,თუკი მოხდება კანტონის გამოფენის მეტად ინტერნაციონალიზაცია და მისი მცირე ფორმატით წარმოდგენა ქართულ და ამიერკავკასიის ქვეყნების ბაზრებზე“ - აღნიშნა ბექა მიქაბერიძემ.

კანტონის გამოფენის ფარგლებში, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე-მინისტრი ასევე შეხვდა სტრატეგიული ქვეყნების სავაჭრო პალატების წარმომადგენლებს, ქალაქ გუანჯოუში მოღვაწე წარმატებული უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებსა და ბიზნეს სექტორს.

ცნობისთვის, კანტონის გამოფენა, როგორც ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა, მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენა. იგი წელიწადში ორჯერ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში იმართება და მისი დაარსების დღიდან, 1957 წლიდან, წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის, თანამშრომლობისა და მსოფლიო გაერთიანების მთავარ მოვლენას.

ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.