„საქართველოში ენერგორესურსების ფასების მერყეობისა და შედეგად წარმოქმნილი ინფლაციური წნეხის ფონზე, ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას”, - აცხადებს Lion Finance Group PLC-ის (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) CEO, არჩილ გაჩეჩილაძე.
მისივე განცხადებით, საკვანძო სეგმენტებში სესხებზე არსებული ძლიერი მოთხოვნა აძლევს ჯგუფს შესაძლებლობას, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს ხელსაყრელი საპროცენტო გარემო, რაც ხელს შეუწყობს ჯგუფის წმინდა საპროცენტო შემოსავლის ზრდას.
ამავე დროს, მისი თქმით, ვალუტის კურსის შედარებით დაბალი მერყეობა სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას იწვევს.
გაჩეჩილაძის თქმით, საქართველოსა და სომხეთში მაკროეკონომიკური პირობები 2026 წლის დასაწყისში კვლავ ძლიერი იყო, რასაც მხარს უჭერდა მყარი შიდა მოთხოვნა და გარე შემოდინებების მდგრადობა. “ორივე ეკონომიკის სტაბილურობისა და წლის დასაწყისში დაფიქსირებული ძლიერი შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ 2026 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გავზარდეთ საქართველოსთვის 7%-მდე, ხოლო სომხეთისთვის 6%-მდე”, - აცხადებს ის.
მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაზე გავლენა იქონიოს, ძირითადად ენერგეტიკული ბაზრების მერყეობისა და ინფლაციის ზრდის გზით, ორივე ეკონომიკა კვლავაც მყარ მდგომარეობაში რჩება, რასაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი რეზერვები, გონივრული ფისკალური პოლიტიკა და სანდო მონეტარული მართვა, - აღნიშნავს ჯგუფის CEO და კონფლიქტის დადებით მხარესაც უსვამს ხაზს „ხანგრძლივმა კონფლიქტმა შესაძლოა დამატებითი დადებითი ეფექტიც გამოიწვიოს შუა დერეფნის მიმართულებით, ასევე კაპიტალისა და ტურისტული ნაკადების გადანაწილების კუთხით”.













