საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის პოლიგონზე ქართულ-პოლონური სამხედრო წარმოების სადაზვერვო და საბრძოლო თვითმფრინავების საცდელი ფრენები განხორციელდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

"საქართველოში ვიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების - სადაზვერვო და ე.წ. "კამიკაძეების" წარმოებას. აპრილიდან ვიწყებთ მათ მასობრივ წარმოებას", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მწარმოებლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებენ მასობრივ წარმოებას და შეძლებენ წელიწადში 1 500-მდე დრონის წარმოებას.

FLYEYE სადაზვერვო დრონი შექმნილია მაღალი სიზუსტით ამოცანების შესასრულებლად ყველა კლიმატურ ზონაში და ელექტრონულ პირობებში.

დრონი უზრუნველყოფს ფარული თვალთვალის და რეალურ დროში მონაცემთა ანალიზის შესაძლებლობებს.

WARMATE საბრძოლო დრონი არის მოძრავი უპილოტო საფრენი აპარატი დარტყმის მაღალი სიზუსტით. მას იყენებს პოლონეთის არმია, ისევე როგორც ნატოს ქვეყნების სხვა არმიები.