"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა" ეხმაურება მინიმალური ხელფასის შესახებ კანონს და საკითხზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა" ეხმაურება მინიმალური ხელფასის შესახებ კანონს, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მინიმალური ხელფასის შესახებ კანონი თავისი არსით ცხადია კეთილშობილურ მიზნებს ატარებს. თუმცა, აუცილებელია მისი განხილვისას ყველა რისკის მხედველობაში მიღება, კანონონის მიღებამდე ბიზნეს-სექტორთან აქტიური კომუნიკაცია და საბოლო ჯამში ყველა პოზიციის გათვალისწინება, რათა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ჩრდილოვან სექტორში არ გადაინაცვლოს.

სხვადასხვა ეკონომიკურ თეორიებში მინიმალური ხელფასის საკითხი სხვადასხვაგვარადაა დახასიათებული. თუმცა, ფაქტებისა და კვლევების მოშველიებით შესაძლებელია კონკრეტული რისკებისა თუ ავკარგიანობის იდენტიფიცირება, რაც მინიმალური ხელფასის ზღვრის შემოღებას ახლავს თან.

პირველი, ამ კუთხით ყოველთვის არის კომპანიებში ფარული ბუღალტერიის გაჩენის რისკი, რომელიც ცხადია შემდგომში გადაეცემა ქვეყნის ეკონომიკას და ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომას ზრდის. ამ კუთხით, კიდევ ერთი ყურადღება მისაქცევი კომპონენტი გახლავთ, პოტენციურ დასაქმებულებისთვის ერთგვარი ბარიერის დაწესება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომის ბაზარზე ახალი კადრების შემოსვლის შეფერხება.

ცალკე საკითხია კანონის ირიბი ზემოქმედება ქვეყნის ეკონომიკაზე, რომელიც შესაძლებელია გამოიხატოს კრედიტუნარიანი მოსახლეობის მკვეთრი შეზღუდვით. რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იქნება ზემოთხსენებული ჩრდილოვანი ბუღალტერიის მომძლავრებით კერძო სექტორში.

რაც შეეხება ევროკავშირის დირექტივას მინიმალური ხელფასის შესახებ, რომელიც ევროკავშირმა ბოლო პერიოდში მიიღო. როგორც სხვა ბევრი დირექტივა, ეს უკანასკნელიც რეკომენდაციის სახეს ატარებს და მისი შესრულება არც ერთი ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო არ არის. ხოლო, ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას ( დანია, იტალია, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი) განსაზღვრული საერთოდ არ აქვს მინიმალური ხელფასის ზღვარი.

ეს ქვეყნები ხელფასის რეგულირების ბუნებრივ პროცესს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც ე.წ. უხილავი ხელი არეგულირებს. თუმცა, გასათვალსიწინებელია ის გარემოებაც რომ უხილავი ხელი და ეკონომიკის თეორიებში არსებული რეგულირების ბუნებრივი მექანიზმები სხვადასხვა ტიპის ეკონომიკებში განსხვავებულად მოქმედებენ. კერძოდ კი განვითარებად ეკონომიკებში, ანდაც დაბალკონცენტირებულ ეკონომიკურ დარგებში, დამსაქმებლები ბოროტად იყენებენ ბუნებრივი დომინანტის მდგომარეობას და დასაქმებულებს, საბაზროზე გაცილებით დაბალ ანაზღაურებას სთავაზობენ.

ამის ნათელ მაგალითს ჯანდაცვის სექტორში ექთნების ანაზღაურება წარმოადგენდა. კერძოდ კი კლინიკების ერთი ქსელის მიერ, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საშუალებით, ამ უკანასკნელმა მოახერხა ექთნებისთვის საბაზროზე გაცილებით დაბალი ანაზღაურების დაწესება. აღნიშნული პრობლემა ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრით მოხერხდა. თუმცა მხედველობაშია მისაღები ის რისკები, რომელიც ამ რეგულირებამ გამოიწვია და ის გზები, რომლის მეშვეობითაც კლინიკები ამ რეგულაციის თავიდან აცილებას ცდილობდნენ.

შეჯამების სახით, "აფბა" მხარს უჭერს პრობლემური დარგებისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხს, თუმცა აუცილებელია ეს უკანასკნელი გაკეთდეს დიდი სიფრთხილით, რათა მინიმიზირებულ იქნას ის რისკები, რომელიც  ვახსენეთ და მაქსიმალურად მოხდეს პრევენცია, რომ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა ჩრდილოვან სექტორში არ გადაინაცვლოს", - ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.